„მანჩესტერ იუნაიტედში” მეისონ გრინვუდს რამდენიმე დღის განმავლობაში მარტო ვარჯიში დაუწესეს. ასეთი იყო პირველი დღე, როდესაც 18 წლის თავდამსხმელი ნაკრების ბანაკში თავს გადახდენილი სკანდალური ამბის შემდეგ ქერინგტონის ბაზაზე დაბრუნდა.

მეტიც, გრინვუდს უთხრეს, რომ სავარჯიშოდ მას მერე უნდა იაროს, რაც ოლე გუნარ სულშერი და გუნდი ბაზას დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ გრინვუდი და მისი მეგობარი „მანჩესტერ სიტიდან” ფილ ფოდენი ისლანდიაში, ნაკრების სასტუმროში ორი გოგოს შეყვანაზე გამოიჭირეს და შეკრებიდან გააგდეს.

ახლა, „იუნაიტედს” ეშინია, რომ წესრიგის დამრღვევ ფეხბურთელს შეიძლება კორონავირუსი აეკიდებინა და ტესტი აუღო. შესაბამისად, გრინვუდს ამ „კვირაში” „ასტონ ვილასთან” ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. კორონა იქით იყოს და სულშერი მასთან სერიოზულად დალაპარაკებასაც აპირებს. თემა ადვილი მისახვედრია: კარანტინის წესებისა და გუნდური დისციპლინის დაცვა!

როგორც ამბობენ, „მანჩესტერ იუნაიტედი” მეისონ გრინვუდს დასჯას მაინც არ უპირებს და მან შესაძლოა 19 სექტემბერს, „კრისტალ პალასთან” პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ითამაშოს კიდეც.

„იუნაიტედთან” დაკავშირებული ამბებიდან კიდევ ის შეიძლება გამოვყოთ, რომ ცნობილმა ინგლისელმა სნუკერისტმა ჯად ტრამპმა ჰარი მაგუაირის ბერძნული თავგადასავალი და დაპატიმრება გაიხსენა. ტრამპმა 31-ე დღეობა სწორედ კუნძულ მიკონოსზე გადაიხადა. მაგუაირიც დაპატიჟებული ჰყავდა და ეს ფეხბურთელის ჩხუბამდე რამდენიმე საათით ადრე მომხდარა. ბერძენი სამართალდამცველები მაგუაირს ვიღაცის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში, პოლიციის მოქრთამვის მცდელობასა და დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევაში სდებდნენ ბრალს.

ტრამპმა თქვა: „მაგუაირის ამბავმა დამზაფრა. როდესაც გააცნობიერებ, თუ რა შეიძლება შეგემთხვეს შვებულების დროს, შეიძლება შეშინდე.

ზოგ ქვეყანაში პოლიცია უფრო მკაცრი და ნაკლებად თავაზიანია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. ჩეთვის ძნელია იმის დაჯერება, რასაც წერენ.

ჰარი სასიამოვნო თანამოსაუბრე იყო. ჩვენ სნუკერსა და ფეხბურთზე ვლაპარაკობდით.

სამწუხაროდ, მავანთ ჰედლაინებში უნდათ მოხვედრა ან უბრალოდ სხვისი გატეხვა სიამოვნებთ.

გარიმ თქვა, რომ პირადი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს ის მეტისმეტად პოპულარულია და ეს სახიფათოა”.