ხვალ „ბაიერნი” ახალი სეზონისთვის იწყებს მზადებას და მისმა 55 წლის მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლეროი სანეზე თქვა, იმედი მაქვს, 90 წუთის განმავლობაში ჩვენთანაც ისევე შეძლებს თამაშს, როგორც გერმანიის ნაკრებში, ერთა ლიგის შეხვედრებში, ესპანეთსა და შვეიცარიასთან ითამაშაო.

სანე „ბაიერნმა” „მანჩესტერ სიტისგან” 45 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ შედეგების მიხედვით თანხა შეიძლება 60 მილიონამდე გაებეროს.

24 წლის გარემარბს უპირველეს ყოვლისა ბავარიელთა სტილთან მოუწევს შეჩვევა. ფლიკმა განმარტა:

„მას დიდი ცვლილებები ელის. სანე ბურთით ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენთან ბურთიანი ხალხის წინააღმდეგ ინტენსიურად თამაშის სწავლაც მოუწევს. სწორედ ეს უნდა შეითვისოს მან უპირველეს ყოვლისა და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება”.

„ბაიერნის” მწვრთნელი ძალიან კმაყოფილია, რომ სანემ და ნიკლას ზულემ ნაკრებში „მუხლი გაშალეს”. ტრავმის შემდეგ მათ პრაქტიკა სჭირდებოდათ. ორივემ, ორივე შეხვედრაში ითამაშა.

ფლიკი: „მადლობა მინდა გადავუხადო იოაჰიმ ლიოვს. მიხარია, რომ სანე და ზულე ასე დატვირთა”.

ბავარიელთა თავკაცი ამჯერად ყველაზე მეტად მაინც მოკლე სკამზე დარდობს და მდგომარეობის გამოსწორება უნდა. მიზეზი: წავიდნენ ივან პერიშიჩი, ფილიპე კოუტინიუ და ალვარო ოდრიოსოლა; გაურკვეველია რა ბედი ეწევათ ტიაგო ალკანტარას და დავიდ ალაბას.

პერიშიჩისა და კოუტინიუს დანაკლისი მაინც ყველაზე მტკივნეულია. ორივე იჯარის წესით თამაშობდა „ალიანც არენაზე” და კლუბმა მუდმივი კონტრაქტი ვერ გაუფორმა. თუმცა, პერიშიჩის დატოვების იმედი ჯერ კიდევ არსებობს. ერთი ეგაა, ხორვატი „ინტერს” ეკუთვნოდა და 11 მილიონ ევროს იღებდა. რასაკვირველია, მოსაძიებელია ტრანსფერის თანხაც. „ნეროაძური” 20 მილიონ ევროს ითხოვს, ბავარიელებს კი 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელში ასეთი ფულის გადახდა არ უნდათ.

ფლიკი: „ივანის, ფილიპესა და ალვაროს სახით სამი მაღალი დონის ფეხბურთელი დავკარგეთ. ივანმა და ფილიპემ თავიანთი კლასი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც დაამტკიცეს. სამწუხაროდ, ამ სამეულზე გათვლა აღარ უნდა გავაკეთო. იმედი მაქვს, რომ ეს სამი პოზიცია კვლავ მაღალი ხარისხის მოთამაშეებით დაკომპლექტდება.

ახალი ფეხბურთელების შეძენის საკითხზე ჰასანთან (სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩთან) ერთად ვმუშაობ. გარდა ამისა, კლუბში ყველა პოზიციაზე მაღალი დონის თანამშრომლები გვყავს.

ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და კარგადაც ვიზეიმეთ, მაგრამ მორჩა. დასრულდა. ახლა ახალ მიზნებს უნდა შევეჭიდოთ. როდესაც „ბაიერნს” წარმოადგენ, ყოველთვის ერთი მიზანი გაქვს, ჩემპიონი უნდა გახდე, თუმცა მომავალ სეზონში ეს ძნელი იქნება. „გლადბახი”, „დორტმუნდი” და „ლაიპციგი” გაცილებით მომზადებულები იქნებიან.

ახლახან, გავიმარჯვეთ ჩემპიონთა ლიგაში. შემდეგ ორკვირიანი შვებულება გვქონდა. ასეთი რეჟიმი რასაკვირველია, დამღლელია, მაგრამ არც საშობაო არდადეგებამდეა შორს”.

შობამდე კი ბავარიელებს კვირაში ორი თამაში უწევთ.

„ბილდის” ცნობით, ტიაგომ უკვე გამონახა საერთო ენა „ლივერპულთან”, თუმცა კლუბებს შორის გარიგება ჯერ არ შემდგარა.

ტიაგო ალკანტარას „ბაიერნთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი იქნება, გერმანიის „რეკორდმაისტერს” კი ეს არ აწყობს, რადგან 30 მილიონი ევროს დაკარგვას ნიშნავს.

ალაბასაც 2021 წლამდე აქვს მიმდინარე ხელშეკრულება, მაგრამ განახლებას არ ჩქარობს. ეტყობა, ხელფასზე ვაჭრობს.