ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს რვა ერის, იგივე „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანხმად, ბორჯღალოსნები პირველ ტურში ინგლისს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ 14 ნოემბერს ერკინებიან. ექვსი ერის ხელმძღვანელობამ, როგორც იქნა, ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ქართველ მორაგბეთა მრავალი თაობა ამაოდ ელოდა. რაგბის კავშირის საიტზე გამოქვეყნდა დასტური იმისა, რომ ბორჯღალოსნები ნოემბრის მეორე ნახევრიდან ინგლისში ექვსი ერისა და ფიჯის ეროვნულ გუნდთან ერთად შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმებია, ხოლო მათთან ქართველებთან ერთად ჯგუფში ინგლისელები, ირლანდიელები და უუელსელები იქნებიან. დანარჩენი – ოფიციალური წყაროდან:

 

„სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ. მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მოწვევა ქართული რაგბისთვის უდაოდ დიდი აღიარებაა.
ამ შეჯიბრში მონაწილეობით, მივიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, როგორც სპორტული, ასევე სატურნირო მენეჯმენტის თვალსაზრისით.
რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის, ერთგულებისა და მოთმინებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ქართულ რაგბის“.