საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი შეხვედრა მნახველმა ნახა, დამწერმა დაწერა და მკითხველმა წაიკითხა. ეს სულ სხვა თემაა. ახლა ერთ კონკრეტულ კაცზე მინდა ვთქვა. ჯაბა კანკავაზე.
მქონდა ბედნიერება, მაშინ გამეცნო, ახალგაზრდულ ნაკრებში რომ თამაშობდა 19 წლისა. მასზე ერთი-ორი წლით უფროსების ფონზე მაშინვე გამოირჩეოდა – სიტყვაძუნწი, უპრეტენზიო, წესიერი და ფუტკარივით მშრომელი კაცი.
ჰო, ჯაბა 19 წლისა უკვე ის კაცი იყო, რომელის ნდობაც თვალდახუჭულს შეგეძლო. ცოტა უფრო მეტი გვემეტებოდა და გვეიმედებოდა მის საკლუბო კარიერაში, მაგრამ რაც იყო, იყო.
სამაგიეროდ, იყო საქართველოს ნაკრები, რომელსაც მის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ შეუძღვა მოედანზე კაპიტნის სამკლავურით (51). სულ 88 სანაკრებო ბრძოლა მოილია და ვერავინ იტყვის, რომ ერთხელ მაინც ენერგიის ერთი მისხალი გამოიყოლა მოედნიდან – ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.
ყველაზე რთულ მომენტში ქორივით რომ გადაეფარება პატარა ბიჭებს, ის კაცია. სამი კაცის ტვირთს რომ აიკიდებს მოედანზე, ის კაცია. ტრავმის მომიზეზებით ნაკრებში გამოძახება რომ არ გაუცდენია, ის კაცია.
სხვებმა არ მიწყინონ, მაგრამ საშა ჩივაძის შემდეგ ასეთი კაპიტანი, ალბათ, არც გვყოლია. მადლობა, კაპიტანო.
ქომაგებს და უფრო იმ ბიჭებს სჭირდები, შენს გვერდით ორჯერ მეტად რომ მაგრობენ.