„ბარსელონამ” მთავარი საკითხი გადაწყვიტა — ლეო მესი რჩება. ახლა, რონალდ კუმანმა არგენტინელს დანარჩენი გუნდი უნდა შემოუწყოს.
როგორც ჩანს, ერთი რამ ცხადია: ჰოლანდიელის მიერ ჩამოწერილი საყიდლების სიის თავში ცენტრალური თავდამსხმელი და ცენტრალური მცველი წერია.
„მარკას” ინფორმაციით, „ბარსას” „ინტერისგან” 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შეძენა სურს. თავად ფეხბურთელიც არ მალავს, რომ კატალონიურ კლუბში უნდა გადაბარგება. პრობლემად იმ 111 მილიონი ევროს მოძიება რჩება, რომელსაც მილანელები მარტინესის სანაცვლოდ ითხოვენ.
იმ შემთხვევაში, თუ მარტინესის ტრანსფერიდან არაფერი გამოვა, „ბარსა” 26 წლის ჰოლანდიელი მემფის დეპაის შეძენას შეეცდება. ამ ვარაუდს ისიც აძლიერებს, რომ კუმანი „ლიონის” ფორვარდს ძალიან კარგად იცნობს ეროვნული გუნდიდან. კუმანი ხომ „ბარსაში” გადასვლამდე „ორანიეს” თავკაცი გახლდათ.
ახლა, რაც შეეხება დაცვის ცენტრს. „მარკას” ცნობით ფრანგები, სამუელ უმტიტი და ჟან-კლერ ტოდიბო გაიყიდებიან. „კამპ ნოუზე” „მანჩესტერ სიტიდან” დაბრუნდება 2017 წელს გაყიდული ესპანელი ერიკ გარსია, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა. მის თაობაზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ბოლომდე ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
„ბარსელონაში” ჰოლანდიური „დიასპორის” გასაძლიერებლად კუმანი „ლივერპულისგან” სიამოვნებით შეიძენდა 29 წლის ნახევარმცველ ჯორჯინიო ვინალდუმს, მაგრამ აქვს თუ არა თავად ვინალდუმისთვის „ბლაუგრანაში” გადასვლას აზრი, ეს ნამდვილად საკითხავია. საქმე ის არის, რომ გუნდი გადავსებულია ნახევარმცველებით. მართალია, ივან რაკიტიჩი „სევილიაში” გადავიდა და არტურო ვიდალიც ალბათ მალე თავის გზას ეწევა, მაგრამ რჩებიან: სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი, მირალემ პიანიჩი, სერხი რობერტო, კარლეს ალენია, რიკი პუიგი და მატიას ფერნანდეში.