კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრების მაისურით მეასე და ასმეერთე გოლები გაიტანა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ შეასრულა მან ეს — პორტუგალიელმა შვედეთში ორი წარმოდგენა დადგა. პორტუგალიამ მასპინძლები დაამარცხა 2:0. ახლა, კრიშტიანუ და მისი ეროვნული გუნდი ერთა ლიგის A ლიგის მესამე ჯგუფს ფრანგებთან ერთად ლიდერობენ. ამ ორ ნაკრებს 6 ქულა აქვს.

35 წლის და მაინც ფენომენალური რონალდუ covid 19-ის ინფექციის გამო მთელი ათი თვის განმავლობაში 99 სანაკრებო გოლზე იყო გაჩერებული. და არ იყო გამორიცხული, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს ვერც ამჯერად გადაელახა ასიანი რუბიკონი — მან ფეხის თითის ტკივილის გამო ოთხი დღის წინ ხორვატიასთან შეხვედრა გამოტოვა, არადა ის თამაში უხვგოლიანი გამოდგა — პორტუგალიელებმა ხორვატებს 4:1 მოუგეს.

ამრიგად, სექტემბრის დასაწყისში, მეასე გოლის გასატანად რონალდუს შვედეთში თამაშიღა რჩებოდა. მისდა სასიხარულოდ, „იუვენტუსის” ფორვარდმა ჯანმრთელობის პრობლემას სძლია და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შეხვედრა ორი ლამაზი გოლით დაამშვენა, რომელთაგან პირველი ბრწყინვალედ შესრულებული ჯარიმა გახლდათ (იხ. ვიდეო).

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2004-ზე გაიტანა, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე მომავალი ჩემპიონის, საბერძნეთის კარში შეაგდო. ის თამაში ბერძნებმა პორტუგალიელებს 2:1 მოუგეს.

გუშინ, „სპორტინგის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „რეალის” ყოფილმა მოთამაშემ 2020 წლის პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა და გამოვიდა, რომ მას ბოლო 17(!) წლის განმავლობაში წელი არ ჩაუგდია, თუნდაც ხელის შემშლელ ფაქტორად პანდემია ყოფილიყო.

დღეს, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეორეა, ვისაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ასზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მას მხოლოდ ირანელი ალი დაეი უსწრებს, ოღონდ დაეის 109 გოლი აქვს გატანილი.

ასე, რომ კრიშტიანუს წინაშე მკაფიო ამოცანა დგას!