ერთა ლიგის A ლიგის პირველ ჯგუფში ნიდერლანდებმა იტალიას უმასპინძლეს და 0:1 წააგეს. გოლი 45+1 წუთზე ორივე გუნდში ყველაზე დაბალმა კაცმა ნიკო ბარელამ თავურით გაიტანა. პასი ჩირო იმობილემ ჩააწოდა.

ნიდერლანდელთა თავკაცმა დუაიტ ლოდევეგესმა მეტოქე შეაქო. მან თქვა:

„ჩვენ დავმარცხდით ძლიერ გუნდთან, რომელიც ცდილობდა მოედანზე იგივე ეკეთებინა, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდოდა და ეს გაცილებით უკეთ გამოსდიოდა”.

ამავე ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინამ შინ პოლონეთთან 1:2 წააგო, რის შედეგადაც, ორი ტურის შემდეგ, ცხრილს 4 ქულით ლიდერობს „სკუადრა აძურა”, შემდეგ მოდიან სამქულიანები — ნიდერლანდები და პოლონეთი, ძირში კი ერთქულიანი ბოსნია-ჰერცეგოვინაა.

ლოდევეგესი: „ჩემი ფეხბურთელები პირველ ტაიმში ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ. ძალიან ჩქარა სირბილი და მუხლჩაუხრელად მუშაობა საკმარისი არ არის. როდესაც ბურთი ჩვენ გვქონდა, ცოცხლად ვერ ვმოქმედებდით. ჩვენს მოთამაშეებს შორის დიდი მანძილი რჩებოდა.

ტოპ-მეტოქესთან წაგებაში კარგი არაფერია, მაგრამ ჭკუის სასწავლებლად ნამდვილად შეიძლება გამოვიყენოთ. ჩვენ კიდევ შეგვიძლია რამდენიმე ნაბიჯი გადავდგათ სრულყოფისკენ”.

ლოდევეგესი „ორანიეს” დროებით უდგას სათავეში. მას ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ გუნდი იმიტომ ანდო, რომ რონალდ კუმანმა თანამდებობა დატოვა და „ბარსელონას” ჩაუდგა სათავეში.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელთა მწვრთნელმა მატჩის წინაც თქვა, იტალია ჰოლანდიის მსგავს ფეხბურთს თამაშობს და ამ ორ გუნდს ერთნაირი მიდგომა აქვსო.