ვინ დაიჩაგრება ყველაზე მეტად ლეო მესის „ბარსელონაში” დარჩენით? ამბობენ, რომ ეს ფრანგი ანტუან გრიზმანი იქნება, რადგან „ბარსას” ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი მას გუნდის ლიდერობას ჰპირდებოდა, ახლა კი ეს გამორიცხულია. მაშ, რა ბედი ეწევა 29 წლის თავდამსხმელს?

ინგლისური „დეილი მეილი” ვარაუდობს, რომ გრიზმანს სატრანსფერო ბაზარზე გაიყვანენ გასაყიდად. რატომ? იმიტომ, რომ ახლა კუმანს ფული აქვს დასაზოგი. „ბარსელონამ” კვლავ უნდა გაიღოს მესის ხარჯი, (სავარაუდოდ, გაზრდილი) და ამასთან, უნიჭიერეს ანსუ ფატისა და ოსმან დემბელეს უნდა გაუფრთხილდეს.

გამოიკვეთა ფილიპე კოუტინიუს პრობლემაც. ბრაზილიელი კუმანმა „ბაიერნიდან” დააბრუნა, მჭირდებიო და სავარაუდოდ, „ბარსა” მას ვეღარ გაყიდის. არადა, კლუბს თავიდან სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული — კოუტინიუ ფულის საშოვნელად სჭირდებოდა.

ასე რომ, დიდი შანსია მთელ ამ ისტორიას „რეალ სოსიედადისა” და მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილი ფეხბურთელის ანტუან გრიზმანის ბარსელონელობა შეეწიროს.

„ბარსელონამ” ფრანგი თავდამსხმელი „ატლეტიკოდან” 2019 წელს შეიძინა და მასში 120 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ტრანსფერი წარმატებული არ გამოდგა — მან, „კამპ ნოუზე”, პირველ სეზონში, 48 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.

კუმანი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მსოფლიოს ჩემპიონს მაინც ენდობოდა, ოღონდ წინამორბედისგან, კიკე სეტიენისგან განსხვავებით მისთვის პოზიციის შეცვლა სურდა. გრიზმანი ჰოლანდიელის ხელში წესით იმ ფეხბურთს უნდა დაბრუნებოდა, რომელსაც „ატლეტიკოში” თამაშობდა.

ვნახოთ, რა მოხდება.

ანტუან გრიზმანს „ბარსელონასთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.