ისლანდია ყინჩ გუნდად რჩება. ძალიან მცირე მოსახლეობის, აქედან გამომდინარე კი ფეხბურთელების შეზღუდული არჩევანის გამო ფავორიტებში ალბათ ვერ დამკვიდრდება, მაგრამ ვინძლო დონეც არ დაკარგოს — აგერ, შაბათს, ერთა ლიგის A ლიგის მეორე ჯგუფის შეხვედრაში ინგლისს უმასპინძლა და 90+1 წუთზე რაჰიმ სტერლინგს პენალტი რომ არ გაეტანა, ფრე იქნებოდა – 0:0. მაგრამ, შეხვედრის კულმინაცია ეს პენალტიც კი არ გამოდგა…

მსაჯის წამატებულ წუთებს თუ არ ჩავთვლით, თამაში მოსაწყენი იყო. სტერლინგმა პენალტი რომ შეაგდო, ინგლისელებმა ამოისუნთქეს, ეგონათ, რომ მეტი აღარაფერი მოხდებოდა, მაგრამ ორ წუთში სერბმა მსაჯმა სრდიან იოვანოვიჩმა ახლა მათ კარში დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. სტუმრების გასახარად, „ასტონ ვილას” ყოფილმა ნახევარმცველმა ბირკირ ბიარნასონმა, რომელიც ახლა „ბრეშაში” თამაშობს, ბურთი მიზანს ააცილა.

მატჩის მნიშვნელოვანი მომენტებიდან უნდა აღინიშნოს აგრეთვე 70-ე წუთზე კაილი უოქერის გაძევება. „მანჩესტერ სიტის” მცველი მეორე ყვითლის გამო დაითხოვეს.

პრეს-კონფერენციაზე ინგლისელთა თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მის გუნდს გაუმართლა და ზეგ, 8 სექტემბერს, დანიაში უკეთ თამაში მართებს.

„არეული თამაში იყო, — თქვა მან, — თავიდან კარგად დავიწყეთ და პირველი 20 წუთის განმავლობაში სიმწვავეც არ გვაკლდა. შემდეგ, ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაგვითვალეს. ვფიქრობ, ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო და მაშინ ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა. ამის მერე ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მოედნის ბოლო მესამედზე, მეტოქის კართან გვიჭირდა. ტაქტიკური სიმწირის გამო შეტევაში კრეატიულები არ ვიყავით.

კაილი უოქერის გაძევება გადამწყვეტი გამოდგა. ათი კაცით გამარჯვება ნებისმიერ შეხვედრაში ძნელია. გარდა ამისა, მსაჯს შეეძლო სულაც არ ეჩვენებინა ჩვენი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათი. ზოგადად კი ჭკუა უნდა ვისწავლოთ.

ბოლოს პენალტი დავარტყით. ამ შეხვედრაში რაჰიმის ჟინი სამაგალითო იყო, მაგრამ მერე კიდევ ერთი მწარე გაკვეთილი მივიღეთ: მსაჯს ბოლოწამს ჩვენს კარში პენალტის დანიშვნის საშუალება მივეცით.

საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მართალია, ცოტა არ იყოს მარტივი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ვფიქრობ, ამას გამოვასწორებთ”.