მესი „ბარსელონაში” რჩება. როგორც თავად მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ამბობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი შვილების თავგადაკლული ტირილი იყო, როდესაც მან ოჯახს სხვაგან გადასვლის სურვილი გაანდო.

მოგეხსენებათ, არგენტინელმა აგვისტოში „ბარსას” ოფისს წასვლის შესახებ ოფიციალურად მიმართა. 33 წლის ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება ოჯახისთვისაც მძიმე მისაღები აღმოჩნდა, თუმცა კლუბმა არ დათმო, იურიდიულ დავაში ძლიერი კოზირი დაიკავა და ზაფხულის ქარიშხლიანი სატრანსფერო ისტორიაც ჩაცხრა.

ახლა მესი არ მალავს, რომ ის „კამპ ნოუზე” სურვილის საწინააღმდეგოდ დატოვეს და დასძენს, რომ ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი გახდება.

თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდას ჰყავს მეუღლე ანტონელა როკუსო და სამი ვაჟი, ორი წლის ჩირო, ოთხის მატეო და შვიდის ტიაგო. ვარსკვლავმა არ დამალა, თუ რამხელა დარტყმა აღმოჩნდა მათთვის მისი გადაწყვეტილება. ოჯახს კატალონიის დედაქალაქიდან წასვლა არ უნდოდა.

„გოლთან” ინტერვიუში ლეო მესიმ გულწრფელად ილაპარაკა: „როდესაც წასვლის სურვილი ცოლსა და შვილებს გავანდე, სასტიკი დრამის მიზეზი აღვმოჩნდი. მთელმა ოჯახმა ტირილი დაიწყო. ბავშვებს არ უნდოდათ ქალაქის და სკოლის გამოცვლა.

მაგრამ მე წინ ვიყურები. მინდა წარმატებული კარიერა განვაგრძო და ტიტულები, მათ რიცხვში ჩემპიონთა ლიგა კვლავაც მოვიგო. ლიგის მოგება ძნელია. შეიძლება გაიმარჯვო, შეიძლება ვერც გაიმარჯვო, მაგრამ უნდა იბრძოლო.

მატეო ჯერ პატარაა. მას კარგად არ ესმის რას ნიშნავს სხვა ადგილას გადასახლდე და რამდენიმე წელიწადი ახალ გარემოში იცხოვრო. ტიაგო კი უფროსია და როდესაც ტელევიზორში ჩემს შესახებ რაღაცას ყური მოჰკრა, კითხვები გაუჩნდა. მე კი არ მინდოდა მას იძულებითი გადასახლების სიმწარე ეგრძნო, ახალ სკოლაში ახალი ამხანაგების ძებნა დაეწყო. ტიაგომ ტირილი დაიწყო, მე კი ვუთხარი: კარგი, ნუ წავალთ. მერწმუნეთ, ეს მართლა ძნელი იყო.

ჩემთვის ჩემი შვილის მდგომარეობა გასაგებია. ბავშვობაში გადასახლება საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია.

მე ბარსელონა მიყვარს და უკეთესი ქალაქის ძებნას არ ვაპირებ. და მაინც, არჩევანის სრული უფლება მაქვს. მინდოდა ახალი მიზნები დამესახა, ახალ გამოწვევებს შევჭიდებოდი, თუმცა ხვალ ისევ ძველ ადგილას მივალ, რადგან აქ, ბარსელონაში მე ყველაფერი მაქვს: ჩემი შვილები აქ დაიბადნენ. ისინი ბარსელონელები არიან. თუმცა, წასვლაშიც არაფერი იქნებოდა ცუდი. ეს მე მჭირდებოდა. ეს კლუბსაც სჭირდებოდა. დამიჯერეთ, ეს ყველასთვის კარგი იქნებოდა”.

მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” ლეო მესის გამოსასყიდ თანხად 700 მილიონი ევრო გამოაცხადა. თუ მესი მაინც დაიჩემებდა, რომ მას სხვაგან გადასვლა უფასოდ ეკუთვნის, საქმე სასამართლოში უნდა გარჩეულიყო. არგენტინელს კი, მიუხედავად იმისა, რომ თავის სიმართლეში ეჭვი არ ეპარება და ღრმად სწამს, რომ სხვა კლუბში უკაპიკოდ გადასვლის სრული უფლება ჰქონდა, „ბარსასთან” სასამართლო დავა უკადრებელ საქმედ მიაჩნია.

„აქ, თავს ბედნიერად აღარ ვგრძნობდი და წასვლა მინდოდა. შემდეგ, მოხდა ისე, რომ ამის უფლება არ მომცეს. კარგი, დაე იყოს ასე, დავრჩები. სასამართლოში დავა არ მინდა. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ წასვლის სრული უფლება მაქვს. პრეზიდენტს ბევრჯერ უთქვამს თავისი პირით, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ ჩემი გადასაწყვეტი იქნებოდა წავიდოდი თუ დავრჩებოდი. შემდეგ კი ჩაეჭიდნენ იმ ფაქტს, რომ მე წასვლის სურვილი 10 ივნისამდე არ გამოვხატე. არადა, 10 ივნისამდე ვერაფრით წავიდოდი, რადგან ამ საშინელი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატი შუა გზაში იყო და ჩვენ ჯერ კიდევ ტიტულისთვის ვიბრძოდით.

აი, ეს გახლავთ მიზეზი, თუ რატომ მიწევს ამ კლუბში დარჩენა.

პრეზიდენტმა მითხრა, რომ ჩემი წასვლის ერთადერთი გზა მყიდველი კლუბის მხრიდან 700 მილიონი ევროს გადახდა იქნებოდა, ეს კი გამორიცხული გახლდათ”.