No description available.ნიუ-იორკში აშშ-ის ღია საჩოგბურთო პირველობა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 22-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანთან დამარცხდა, თუმცა ამჯერად სულ სხვა თემაზე გავაკეთებთ აქცენტს.
აშშ-ის წლევანდელი პირველობა პირველი ელიტური ტურნირია, სადაც კომპიუტერებმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლეს ხაზის არბიტრები. სრულფასოვანი 10-კაციანი ბრიგადა მხოლოდ პირველ ორ კორტს ემსახურება, დანარჩენ კორტებზე კი კოშკურის მსაჯს 10 კამერა და კომპიუტერი ეხმარება.
ორგანიზატორებმა ცვლილება პანდემიიდან გამომდინარე, კორტზე ხალხის შემცირების სურვილით ახსნეს, თუმცა ეს რეფორმა დღის წესრიგში დიდი ხანია, იდგა. ვიდეორეფერის შემოღების პირველი მცდელობები ჯერ კიდევ 70-იან წლებში იყო, მაგრამ რეალურად რეფორმა ერთმა კონკრეტულმა მატჩმა დააჩქარა. 2004 წელს იმავე აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში სერენა უილიამსი ჯენიფერ კაპრიატისთან 6:2, 4:6, 4:6 დამარცხდა. გადამწყვეტ გეიმში კოშკურის არბიტრმა, პორტუგალიელმა მარიანა ალვეშმა სამი უხეში შეცდომა დაუშვა და სამივე კაპრიატის სასარგებლოდ. შეცდომები იმდენად ცალსახა იყო, რომ ორგანიზატორებმა სერენას იფიციალური ბოდიში მოუხადეს.
ჯერჯერობით რეფორმა ამართლებს. კომპიუტერი თავის მოვალეობას ასრულებს და კოშკურის არბიტრის ფუნქცია ლამის დიქტირობამდე დავიდა. როცა კორტზე პირველი კომპიუტერები გამოჩნდა, მსაჯებმა მტრებად აღიქვეს, მერე ისინი მსაჯების თანაშემწეებად იქცნენ, ახლა კი საერთოდ აძევებენ კორტიდან.