„ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ ვიკტორ ფონტი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. ის, ცხადია, ახლანდელ პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს ყველაფერში კრიჭაში უდგას, მათ რიცხვში ლეო მესის გაყიდვის საკითხში. ფონტი ამბობს, რომ ბარტომეუ ვალდებულია პატივი სცეს არგენტინელ სუპერვარსკვლავს და კლუბიდან უპრობლემოდ გაუშვას.

გუშინ, მესის მამა და იმავდროულად წარმომადგენელი ხორხე მესი როსარიოდან ბარსელონას გაემგზავრა, სადაც შვილის კატალონიური კლუბისგან გათავისუფლების საკითხი უნდა მოაგვაროს.

ფონტი: „ორიოდ თვის წინ, პრეზიდენტმა ბარტომეუმ თქვა, რომ „ბარსელონას” ფეხბურთელებმა დაიმსახურეს კლუბიდან ან სულაც ფეხბურთიდან წავიდნენ მაშინ, როდესაც თავად მოუნდებათ. ახლა, სწორედ ასეთი საგანგებო ვითარებაა და მან თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს.

უღალატა თუ არა „ბარსელონამ” მესის? ფაქტია, რომ ჩვენს წინაშეა აშკარა შეუსაბამობები, რაც კლუბის ახლანდელი დირექტორატის არასწორი მუშაობის შედეგია. დღეს ეს ხალხი ცდილობს თავისი შეცდომები დამალოს.

ის, რაც დღეს „ბარსელონაში” ხდება არის კარგი მაგალითი იმისა, რომ კლუბის ისტორიისთვის საჭიროა ყოველთვის ყველაფერი სწორად გაკეთდეს”.

მოგეხსენებათ, ლეო მესიმ „ბარსას” წასვლის თაობაზე განცხადებითაც მიმართა და ერთგვარი გაფიცვაც მოაწყო, როდესაც covid 19-ის ტესტირებაზე არ მივიდა. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის ვექილები ამტკიცებენ, რომ ის ახლა თავისუფალი აგენტია და სადაც უნდა იქ წავა, „ბარსელონა” კი ამბობს, რომ არგენტინელის კონტრაქტი კვლავ ძალაშია და თუკი რომელიმე კლუბს მისი ყიდვა მოუნდება, 700 მილიონი ევრო ექნება გადასახდელი.

ისევ ფონტი: „ეჭვი არ მეპარება, რომ მესიმ წასვლა ცხელ გულზე არ გადაწყვიტა. მას ამაზე დიდი ხნის ნაფიქრი ექნება. რასაკვირველია, იმედი მაქვს, რომ ის გადაიფიქრებს, თუმცა ამის გამკეთებელს არ ჰგავს და რაკი ასეა, ჩვენ, ჩვენი მხრივ, ღირსეულად უნდა მოვიქცეთ; ისე, როგორც მესის ეკადრება.

„ბარსელონასა” და მესის შორის სასამართლო დავა არ უნდა შედგეს. მდგომარეობა დღევანდელზე მეტად არ უნდა დავამძიმოთ”.

ამასობაში კი არგენტინელმა „მანჩესტერ სიტისთან” გამონახა საერთო ენა. მხარეებმა 700 მილიონ ევროზე (623 მილიონი გირვანქა) მოილაპარაკეს. თუ ეს გარიგება შედგება, ლეო მესი გახდება მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მაღალხელფასიანი სპორტსმენი.

და კიდევ, თუკი „მანჩესტერ სიტისთან” გარიგება შედგება, კონტრაქტის თანახმად მესი „ქალაქელებთან” გაატარებს სამ სეზონს, რის შემდეგაც ორი სეზონით „ნიუ იორკ სიტიში” გადავა. არ არის გამორიცხული ხელფასის ნაწილი ვარსკვლავმა „სიტი ფუტბოლ გრუპის” წილის სახით მიიღოს. ეს კი გახლავთ კორპორაცია, რომელშიც შედის, როგორც „მანჩესტერ სიტი” ასევე „ნიუ იორკ სიტი” და სხვა კლუბები აშშ-დან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, ურუგვაიდან, ჩინეთიდან და ბელგიიდან. „სიტი ფუტბოლ გრუპის” დამფუძნებლები არიან საემიროების შეიხი მანსური და „მანჩესტერ სიტის” თავმჯდომარე ხალდონ ალ მუბარაქი.