ჯეკ გრილიში როგორც იქნა გამოიძახეს ინგლისის ნაკრებში. ახლა 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ამბობს, რომ მას ერვნული გუნდიდან ვეღარავინ და ვეღარაფერი მოიშორებს.

ზოგადად, გარეთ საუთგეიტის პირველი არჩევანი მარკუს რეშფორდი და ჰარი ვინკსი გახლავან, მაგრამ ახლა, ერთა ლიგაში, ისლანდიასა და დანიასთან სათამაშოდ ისინი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან და გარეთ საუთგეიტიც „ასტონ ვილას” ვარსკვლავს დაეყრდნო.

ჯეკ გრილიში ირლანდიელია და 2014 წლამდე ირლანდიის ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა. მას, ირლანდიის 21-წლამდელთა გუნდში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ შემდეგ, წინაპრების სამშობლოს დაბადების ქვეყანა ამჯობინა და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების ფორმა ჩაიცვა. მას მერე 6 წელიწადი გავიდა, გარეთ საუთგეიტი კი გრილიშს დიდ ნაკრებში არა და არ იძახებდა. და აი, ბოლოს და ბოლოს, დებიუტის დროც დადგა.

გრილიშმა თქვა: „აღარ მინდა ნაკრების თამაშებს შორიდან ვაკვირდებოდე, ამისათვის კი შთაბეჭდილება უნდა მოვახდინო. მართლაც დიდი ხანი გავიდა სანამ გამომიძახებდნენ, მაგრამ მთავარია, რომ ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებოდი, ასრულდა.

გულწრფელად რომ გითხრათ, ექვსი წლის წინ, როდესაც ირლანდიის ნაკრები ინგლისის ნაკრებზე გავცვალე, მეგონა, რომ ინგლისელები მალევე მათამაშებდნენ, მაგრამ შევცდი. რა გაეწყობა, მთავარია, რომ მოსახდენი მოხდა.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მთავარია ერთხელ შევყო ნაკრებში თავი, მერე კი საქმეს ისე წავიყვან, რომ იქიდან ვეღარავინ გამომიშვებს. ყველაზე რთული პირველი გამოძახებაა. შემდეგ კი უკვე შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. ვარჯიშებზე და თამაშებზე თავი უნდა გამოიჩინო”.

გრილიშმა „ასტონ ვილას” პრემიერლიგაში დატოვებაში დიდი როლი ითამაშა. მოგეხსენებათ, ბირმინგემელები მე-17 ადგილზე გავიდნეენ, შემდეგი სამი გუნდი კი ჩემპიონშიფში გავარდა.

ჯეკ გრილიში განსაკუთრებით ეფექტური იყო ბოლო შეხვედრაში, „ვესტ ჰემთან”, რომელიც 1:1 დასრულდა. მან 84-ე წუთზე გოლიც შეაგდო ლონდონელთა კარში, თუმცა „ჩაქუჩებმა” ერთ წუთში გაქვითეს. საერთოდ კი, მთელი გასული სეზონის განმავლობაში, გრლიშზე მეტი საგოლე მომენტი პრემიერლიგაში მხოლოდ „მანჩესტერ სიტის” ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შექმნა.

გრილიშის სანაკრებო დებიუტთან დაკავშირებულ ინფორმაციაში ინგლისური მას-მედია არც იმას ივიწყებს, რომ კარანტინის დროს საავტომობილო ავარიის მოწყობის გამო ნოემბერში მას სასამართლო ელის.