საბერძნეთის პოლიცია, რომელმაც ჰარი მაგუაირი კუნძულ მიკონოსზე დააკავა, ამბობს, რომ ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავს ისე ეპყრობოდა როგორც ერთ ჩვეულებრივ ბრიტანელს. „იუნაიტედის” კაპიტანმა კი თქვა, დაკავების დროს სამოქალაქო ფორმიანები ისე მომცვივდნენ, მეგონა ყაჩაღები მიტაცებდნენო.
BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში მაგუაირმა ისევ გაიმეორა, რომ ჩხუბი, რომლის გამოც ის დააკავეს, იმიტომ ატყდა, რომ ორმა ალბანელმა მის დას ნარკოტიკი გაუკეთა. ერთ-ერთმა ბერძენმა პოლიციელმა ამის პასუხად განაცხადა, ჯერ ერთი ის და მისი კოლეგები წარდგენის გარეშე ადამიანს თავს არასოდეს ესხმიან და მეორეც, არანაირი ალბანელები იქ არ ყოფილან და არც მაგუაირის და არის რაიმე შუაში.
„პოლიციელები, რომლებმაც ის დააკავეს, მას ზუსტად ისე მოექცნენ, როგორც ნებისმიერ სხვა მთვრალ ბრიტანელს ექცევიან. მაგუაირი კი ყოველ ჯერზე როდესაც პირს აღებს, იტყუება. ის იყო მთვრალი და ატეხა ჩხუბი. ეს არის და ეს. თან, ისეთი წინააღმდეგობა გაწია, რომ ძლივს დავაკავეთ.
მან თავისი გამოგონებული ისტორიით დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. რატომ უნდა მისეოდა რვა კაცი წარდგენის გარეშე? ასე ხომ სამსახურებს დავკარგავდით. რატომ გავრისკავდით?”
საბერძნეთში ჰარი მაგუაირს ბრალად პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა და შემდეგ უკვე სამართალდამცველებისთვის ქრთამის შეთავაზება ედებოდა. ფეხბურთელის ადვოკატებმა ეს ბრალდებები გააბათილეს.
ბერძენმა პროკურორმა იონის პარადისისმა ინგლისელი კაპიტანი გააკრიტიკა, პოლიციელი შეურაცხყო და ბოდიშიც არ მოუხდიაო. კაპიტანმა, თავის მხრივ, BBC-ს უთხრა, რომ ბოდიში მოსახდელი არ ჰქონდა, რადგან მას თავს დაესხნენ, ის კი გაქცევას ცდილობდა.