„ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპი დღეს წარმატებული და მსოფლიოში ცნობილი ადამიანია, მაგრამ მისი ნაცნობი ღიმილის მიღმა დიდი სევდა იმალება.

ბოლო 13 თვეში, დღეს მცხოვრებ გერმანელთა შორის ერთ-ერთმა უცნობილესმა ტრანსფორმაცია განიცადა — ქრონიკული მეორეადგილოსნიდან სერიულ გამარჯვებულად იქცა. „ლივერპული” კლოპს უნდა უმადლოდეს, რომ 30 წლის წინ დაკარგული პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და კლუბთა მსოფლიო თასი. როგორც ინგლისური პრესა წერს, გერმანელის საფეხბურთო ფილოსფია იმდენად მოერგო მერსისაიდულ კლუბს, რომ შემდეგი ეპოქა უთუოდ „წითლებისა” იქნება.

მაგრამ, რაოდენ წარმატებულიც უნდა ყოფილიყო მისი სამწვრთნელო კარიერის 19 წელიწადი, რომელიც „ლივერპულის” გარდა „მაინცსა” და „დორტმუნდში” მუშაობასაც მოიცავდა, იმ დანაკლისს, რომელიც მისმა ოჯახმა განიცადა, ვერაფერი შეავსებს.

მისი მამა, ნორბერტი, რომელიც ახალგაზრდობაში მეზღვაური და ფეხბურთის მეკარეც იყო, შვილის დიდ სამწვრთნელო წარმატებას ვერ მოესწრო. კლოპმა, რომელიც თავად შტუტგარტელია, თქვა:

„მამას მწვრთნელის ამპლუაში არ ვუნახივარ. ოთხი თვით ადრე გარდაიცვალა. არადა, ბუნებით თავადაც ნამდვილი მწვრთნელი იყო. ჩვენ ამ თემაზე არასდროს გვილაპარაკია, მაგრამ რჩევა რომ მეკითხა აუცილებლად მეტყოდა: რასაკვირველია, შვილო, შენ მწვრთნელი უნდა გახდე. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სტიმულს მაძლევდა. სულ მეხმარებოდა, მაქეზებდა და მკაცრად ძალიან იშვიათად გავუკრიტიკებივარ.

ხანდახან შიში მიპყრობს. აგერ უკვე 53 წლის ვარ და როდესაც სარკეში ვიყურები, იქიდან მამაჩემი მიყურებს. არადა, მამას არასდროს ვმსგავსებივარ. ყოველთვის დედას ვგავდი და აი, უცებ, ასაკში ყველაფერი შეიცვალა. ვიყურები სარკეში და იქ მამაჩემია. ნამდვილი სიგიჟეა”.

იურგენ კლოპი ასეთი გულახდილი „ლივერპულის” მცველ ენდი რობერტსონთან საუბრის დროს იყო. ეს გახლავთ ერთი შეხედვით უცნაური პროექტი, რომელიც მიზნად ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ხალხის გამხნევებას ისახავს. მოსაუბრენი თავიანთ გასაჭირს იგონებენ. ეს იყო Heads Up კამპანიის #SoundOfSupport-ის პირველი ნაწილი. სულ ექვსი ნაწილი იქნება.

რობერტსონისა და კლოპის საუბარი გასულ სეზონსაც შეეხო. მარტში, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ ევროპაში ჩემპიონატები შეაჩერა, გაჩერდა პრემიერლიგაც. მართალია, იმ მომენტისთვის „ლივერპული” ლიდერი იყო, მაგრამ ინგლისური ფეხბურთის ბოსები შეჯიბრების შეწყვეტასა და გაუქმებასაც არ გამორიცხავდნენ.

კლოპი: „კარანტინის დროს იყო დღეები, როდესაც ვფიქრობდი, რომ ჩვენი ოცნებები დაიმსხვრა. არადა, ასე ახლოს ვიყავით მიზანთან, ასეთი ფენომენალური სეზონი გვქონდა, მაგრამ ყველაფერს დაღუპვა ემუქრებოდა. ცხოვრებაში წარუმატებლობა ყველას გვქონია, ფეხბურთელები კი მარცხის მწარე გემოს ხანდახან სხვა პროფესიის ადამიანებზე ადრე ვეცნობით”.