იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თუ „მანჩესტერ სიტი” ლეო მესის იყიდის, „ლივერპულის” შანსი შეინარჩუნოს ჩემპიონის ტიტული ძალიან შემცირდება.

როგორც ინგლისური პრესა წერს, „სიტი” ახლოსაა არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირებასთან, რაც მას კვირაში 1,4 მილიონი გირვანქა დაუჯდება. ამ თანხაში შედის ხელფასი, საკონტრაქტო თანხა, ბონუსები და სარეკლამო უფლებები.

კლოპი: „მესი „მანჩესტერ სიტის” გააძლიერებს და ამ ისედაც ძნელად დასამარცხებელ გუნდს კიდევ უფრო ძნელად დასამარცხებელს გახდის. პრემიერლიგისთვის კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ინგლისში გადმოსვლა ძალიან დიდი სტიმული იქნება. არ ვიცი, ისედაც ყოველმხრივ ძლიერ პრემიერლიგას რაიმე სტიმული კიდევ თუ სჭირდებოდა, მაგრამ მესის ფაქტორი რომ სერიოზული ფაქტორი იქნება, რად უნდა ლაპარაკი.

თან, საინტერესოა, მესის ხომ ესპანეთის ჩემპიონატის გარდა სხვაგან არ უთამაშია. აქ, ინგლისში კი ფეხბურთი ძალიან განსხვავებულია. პროცესს დიდი ინტერესით დავაკვირდებოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ყველაფერი ასე დალაგდება”.

შემდეგ „ლივერპულის” თავკაცს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მის კლუბს მესის შეძენის შანსი. კლოპმა უპასუხა:

„ინტერესზე მეკითხებით? ვის არ უნდა გუნდში მესი ჰყავდეს, მაგრამ რეალურად შანსი არ გვაქვს. თანხები, რომელიც მის შესაძენად არის საჭირო ჩვენს შესაძლებლობებს იმდენად აღემატება, რომ ამ თემაზე ფიქრიც კი არ დაგვიწყია. ერთი სიტყვით, შანსი რომ არ გვაქვს აშკარაა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით: ის კარგი ფეხბურთელია”.

ბოლო წინადადებაში კლოპმა, რასაკვირველია იხუმრა. მან კარგად იცის, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი უბრალოდ კარგ ფეხბურთელზე მეტია და ეს მთელი მსოფლიოსთვის მისი „გულწრფელი თქმის” გარეშეც ცნობილია.

ინგლისური მას-მედია კი წერს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით მესისა და „სიტის” წარმომადგენლები მოლაპარაკებებში წინ წავიდნენ. იკვეთება ასეთი სურათი: 33 წლის არგენტინელი კონტრაქტს მანჩესტერული კლუბის მფლობელ „სიტი ფუტბოლ გრუპთან” გააფორმებს და მასში იქნება პუნქტი, რომლის თანახმადაც „ეტიჰედიდან” წასვლის შემდეგ ის „ნიუ იორკ სიტიში” გადავა. საინტერესოა, რომ „ქალაქელთა” მწვრთნელ პეპ გვარდიოლას „ნიუ იორკ სიტისთან” დაკავშირებით თავის ხელშეკრულებაშიც ზუსტად ასეთი რამ უწერია.