ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა წუხელ სამში ერთი მოიგო. „საბურთალოს“ და „ბათუმის“ დამარცხების დეტალებს აქ არ გავარჩევ, არც „ლოკომოტივის“ გამარჯვების ფორმულაზე გავაგრძლებ სიტყვას, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლას, ცხადია, გულითადად ვულოცავ.

სხვა რამის თქმა მსურს. სამი კვირის წინ, როდესაც წილისყრის შედეგებზე დავწერეთ, წერილში ორი ასეთი ფრაზა გვქონდა: შემდეგ ეტაპზე გასვლა სამივეს გაუჭირდება და არც ერთ ქართულ გუნდს წილისყრაში არ გაუმართლა. სხვა სპორტულ გამოცემებსაც გადავხედე და აღფრთოვანება წილისყრის შედეგებით ერთსაც ვერ შევატყე.

არადა, ქართული გუნდების მეტოქეები რუმინეთის, ისრაელის და კვიპროსის კლუბები იყვნენ.

მიხვდებოდით, საითაც მიმყავს ლაპარაკი.

➡ კვიპროსის გუნდის დაჯახებას უიღბლობად რომ შეაფასებ;

➡ ისრაელის გუნდის ამოსვლაზე სინანული რომ აღგებეჭდება;

➡ ან რუმინეთი რა, ჰაჯის დროინდელი „სტიაუა“ ხომ არ შეგვხვედრია, ბოლოს და ბოლოს…

„სარბიელში“ გასული საუკუნის 90-იან წლების ბოლოს მივედი. იმ დროს მსგავსი შედეგით დასრულებულ წილისყრაზე რომ დაგვეწერა: კვიპრისი და ისრაელი შეგვხდა, არ გაგვიმართლაო, დასაცინები გავხდებოდით. თუმცა არც მაშინ წყვეტდნენ ქართული კლუბები ციდან ვარსკვლავებს.

ახლა კი, როდესაც მძიმე წილისყრაზე ვწერთ, შეწინააღმდეგება არავის მოსდის აზრად.  ყველა სამწუხარო, მაგრამ რეალურ ფაქტად იღებს.

ამიტომაც კვიპროსსა და ისრაელში გაშვებული 8 ბურთი სამყაროს აღასასრულად აღარავის მიუჩნევია.

P.S. „ლოკომოტივის“ გოლების გარდა რაც კარგი საყურებელი იყო – ბათუმელების გემრიელი გულშემატკივრობა, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია.