პრემიერლიგის კლუბებმა დიდი ომი წამოიწყეს. მათ უნდათ, რომ შემდეგი სეზონიდან ერთ თამაშში შეცვლების რაოდენობა კვლავ ხუთი დარჩეს. „ომს” სათავეში უდგანან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „მანჩესტერ სიტი”, „ლივერპული”, „ჩელსი” და „არსენალი”. ინგლისური მას-მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩამოთვლილ კლუბებს სხვებიც შეუერთდებიან.

საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ, რომელსაც თამაშის წესები აბარია, ეროვნულ ფედერაციებს მიანდო მომდევნო სეზონში, თავიანთ ჩემპიონატებში, ხუთ ცვლილებას დატოვებენ თუ ძველებურად სამს დაუბრუნდებიან. შოტლანდიელებმა, მაგალითად, გადაწყვიტეს ხუთი ცვლილება დაიტოვონ, პრემიერლიგაში კი სხვა სურათი გამოიკეთა.

ინგლისელებმა წილისყრა მოაწყვეს. წილისყრაში ახალაღზევებული „ვესტ ბრომვიჩი”, „ლიდსი” და „ფულემიც” მონაწილეობდნენ და ხმათა უმრავლესობით (13:7) სამ შეცვლაზე დაბრუნებამ გაიმარჯვა.

მიზეზი: ღარიბ კლუბებს მიაჩნიათ, რომ ხუთი ცვლილების წესი მდიდრებისთვის არის ზედგამოჭრილი. მათ ბევრი ფული აქვთ და შესაბამისად ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. მდიდრებს შეუძლიათ ერთი ვარსკვლავი მეორით შეცვალონ ღარიბები კი ამ უპირატესობას მოკლებულები არიან.

და მაინც, გუშინ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე გადაწყდა, რომ საკითხი ხელახლა უნდა გაიტანონ განსახილველად. როგორც ჩანს, მდიდარმა კლუბებმა ღარიბთა გარკვეულ ნაწილს აზრი შეაცვლევინა და საკითხის კენჭისყრაზე თავიდან დაყენებას უკვე აზრი აქვს.

გარდა შეცვლებისა, ლაპარაკია თამაშის განაცხადში 18-ის ნაცვლად 20 ფეხბურთელის შეყვანაზე.