ინგლისის ნაკრების კრიზისი ღრმავდება, რადგან უკვე ხუთ ფეხბურთელს სჭირს covid 19. ზოგად-ინგლისური შოკი კი მას მერე გაძლიერდა, რაც გაირკვა, რომ პრემიერლიგის კიდევ ორ მოთამაშეს, ფრანგებს პოლ პოგბასა და ტანგუ ნდომბელეს ტესტებზე დადებითი პასუხი ჰქონიათ. ამას დაამატეთ, რომ კარანტინშია „ჩელსის” რვა და „არსენალის” ოთხი ფეხბურთელი…

გარეთ საუთგეიტი შეკრებას ორშაბათს იწყებს. წინ ერთა ლიგის თამაშებია ისლანდიასთან და დანიასთან. ზემოთ ნახსენები ხუთეული კი კარანტინშია, თუმცა მწვრთნელს იმედი აქვს, რომ იქით კვირაში რამდენიმე მათგანი გამოჯანმრთელდება და ვარჯიშზე დაუშვებენ.

კორონავირუსის გარდა ინგლისელთა პრობლემა გახლავთ ჰარი მაგუაირიც, რომელმაც საბერძნეთში კურორტზე იჩხუბა და იქაურ პოლიციაში მეტისმეტად უსიამოვნო თავგადასავალი გადახდა.

ნაკრების ფეხბურთელებს „სენტ ჯორჯი’ზ პარკზე” შეკრების წინაც ჩაუტარებენ ტესტირებას და როდესაც შეკრებაზე შევლენ, ერთ განმეორებითსაც მიაყოლებენ.

როდესაც გაზაფხულის კორონაპაუზის შემდეგ პრემიერლიგის შეწყვეტილი ჩემპიონატი გაგრძელდა, ინგლისში 20 ფეხბურთელს აღმოაჩნდა დაავადება, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ ბევრი მათგანი სხვადასხვა კურორტზე გაემგზავრა დასასვენებლად და როგორც ჩანს ეს ახალი შემთხვევების მიზეზი გახდება. მოსალოდნელია, რომ ნაწილს covid 19 დაუდასტურდება, ნაწილს კი მთავრობის დადგენილების შესაბამისად კარანტინის გავლა მოუწევს.

პრემიერლიგის ახალი სეზონი 12 სექტემბერს იწყება. დღეისათვის, შვიდ კლუბს ჰყავს სულ მცირე ერთი ფეხბურთელი დაავადებული ან კარანტინში. მოთამაშეთა არცთუ მცირე რაოდენობა შვებულებიდან ჯერ დასაბრუნებელია.

„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე დასვენების შემდეგ „ჩელსის” თვითიზოლაციაში ჰყავს გაშვებული ტამი აბრაჰამი, მეისონ მაუნტი, კრისტიან პულიშიჩი და ფიკაიო ტომორი.

კარანტინის ბიჭები: პულიშიჩი, აბრაჰამი და ტომორი

საინტერესოა, რომ „პარი სენ ჟერმენიდან” „ჩელსიში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმავალ ვეტერან ტიაგო სილვას დასავლეთლონდონელებმა სამედიცინო შემოწმების გავლა საფრანგეთში კი არა, იტალიაში მოსთხოვეს. სილვას შემოწმება საფრანგეთში რომ გაევლო, კორონას მიერ არეული კანონების თანახმად ორკვირიან თვითიზოლაციას ვერ აცდებოდა და „სტემფორდ ბრიჯზე” დაიგვიანებდა.

საინტერესოა, რომ „ჩელსი” შაბათს „ბრაიტონთან” მართავს ამხანაგურ თამაშს და ესეც ტესტირება იქნება, ოღონდ სხვანაირი — „ამექს სტედიუმზე”  2500 მაყურებელი უნდა დაუშვან და ნახავენ, რა შედეგს გამოიღებს.

კოვიდარეულობის კარგი მაგალითია „ტოტენჰემის” ფორვარდის ჰარი კეინის ამბავიც. ის ბაჰამებზე ისვენებდა და შინ რომ დაბრუნდა კარანტინში ამოჰყო თავი. მიზეზი: სანამ კეინი კურორტზე ნებივრობდა, ბრიტანეთმა ბაჰამები „ცუდი” ქვეყნების სიაში შეიტანა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კორონავირუსი დაუდასტურდათ პრემიერლიგაში, კერძოდ „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურში” მოთამაშე ფრანგებს, პოგბასა და ნდომბელეს. ეს, გარდა იმისა, რომ პრემიერლიგის პრობლემაა, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა მსოფლიოს ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების პრობლემა გახლავთ, რის შესახებაც „ლურჯების” მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დიდი გულისტკივილით გამოაცხადა. ფრანგები ერთა ლიგაზე 5 სექტემბერს შვედეთში თამაშობენ, ხოლო 8 სექტემბერს ხორვატიას მასპინძლობენ.