„მანჩესტერ სიტი” ყველა ღონეს იხმარს ლეო მესი რომ შეიძინოს; რასაკვირველია, თუ თავად მესი ინებებს „ეტიჰედზე” გადაბარგებას. „სიტიმ” გასულ წლებში ორჯერ სცადა არგენტინელის ყიდვა და ორივეჯერ გაწბილდა. პრემიერლიგის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბს მესამე ფიასკო არ ეპიტნავება.

გუშინ, არგენტინულმა გაზეთმა „ლა ნასიონმა” დაწერა, თითქოს მესის მეგობრებისთვის ასე ეთქვას:

„პეპთან ვაპირებ დალაპარაკებას „მანჩესტერ სიტიში” ჩემი გადასვლის საქმე რომ მოაგვაროს. იქ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და მათი სტილის ჩემთან მორგებაც შეიძლება”.

როგორც ამბობენ, ათი დღით ადრე, სანამ 33 წლის ვარსკვლავი „ბარსელონას” ტრანსფერს სთხოვდა, „სიტი” მის აგენტთა ჯგუფს დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად იყო მესი „ეტიჰედზე” გადასვლით დაინტერესებული. მხარეებს შორის კონტაქტი დამყარებულა და ინგლისის ექს-ჩემპიონს თითქოსდა კარგი სამომავლო საფუძველიც ჩაუყრია, მაგრამ არგენტინელის წარმომადგენლებმა პარალელურად მოლაპარაკებები წამოიწყეს „პარი სენ ჟერმენთანაც”, სადაც მესის მეგობარი ნეიმარი თამაშობს.

არგენტინაში გავრცელებული ხმების თანახმად, მესიმ „ბარსელონიდან” წასვლა საბოლოოდ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც პირისპირ შეხვედრის დროს ესპანური გუნდის ახალმა თავკაცმა რონალდ კუმანმა უთხრა, რომ ამიერიდან მისი პრივილეგიები დასრულდება.

ამბობენ, თითქოს კუმანმა მესის უთხრა: „დღეიდან შენ გუნდისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. მე ურთიერთობაში მოქნილი არ ვიქნები, ასე რომ დაფიქრდი გაწყობს ასეთი გარემო თუ არა”.

ჰოლანდიელის გულწრფელობამ და ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან” 2:8 დამარცხებამ, როგორც ამბობენ, მესის საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა.

რასაკვირველია, მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი „სიტისთან” ჯერ არაფერზე შეთანხმებულა, რადგან მის იურისტთა გუნდს გასარკვევი აქვს „ბარსელონასთან” კონტრაქტის იმ პარაგრაფთან დაკავშირებული საკითხი, რომლის თანახმადაც თუ მას წასვლა უნდოდა, ეს 10 ივნისამდე უნდა გაეკეთებინა.

მესის იურისტები ამბობენ, რომ უსამართლობაა ამ თარიღს გამოდევნება იმ წელიწადს, როდესაც კორონავირუსის გამო სხვა ყველაფერი გადავადდა — ესპანეთის ჩემპიონატიც კი გვიან დასრულდა.

„ბარსელონა” კი კონტრაქტში ჩაწერილ ამ პუნქტს იშველიებს და ამბობს, რომ თუკი ახლა ვინმეს ლეო მესის ყიდვა უნდა, გამოსასყიდი თანხა, 700 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. მესისა და „ბარსელონას” ხელშეკრულებას ვადა გაისად ზაფხულში გაუდის.

ამბობენ, რომ მესის იურისტთა გუნდმა კონსულტაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ერთ-ერთ ყოფილ წევრთან გაიარა. თუ კანონების ომს მესის ხალხი მოიგებს, მაშინ ფეხბურთელის ფასი შეიძლება 170 მილიონ ევრომდე შემცირდეს.

თავად მესი სამწლიან კონტრაქტს ითხოვს. მისი ხელმოწერა და სარეკლამო უფლებები კი მყიდველ კლუბს წელიწადში 78 მილიონი ევრო დაუჯდება.