36 წლის ვეტერანი ფილიპ ლამი, რომელიც მიუნხენის „ბაიერნს” 2013 წელს კაპიტნობდა, რა დროსაც გუნდმა ტრებლი (ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგის ჩემპიონობა და გერმანიის თასი) მოიგო, დარწმუნებულია, რომ „რეკორდმაისტერის” ახალი თაობა კიდევ უფრო მეტს მიაღწევს.
„შპორტ ბილდის” დღევანდელ ნომერში ის ამბობს: „კლუბმა 2013 წლის შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ჩვენ ვნახეთ, რომ მან უმაღლესი დონის ცვლილებები განახორციელა. იმავდროულად, „ბაიერნმა” შეძლო შეენარჩუნებინა მისთვის ტრადიციული ფასეულობები”.
და შემდეგ, ლამი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს მიადგა: „ბოლო ათწლეულების ყველა დიდმა კლუბმა, „ბარსელონა” იქნებოდა, „რეალი” თუ „მანჩესტერ იუნაიტედი”, თავი თვითმყოფადობით და თავისი ეროვნების მოთამაშეთა ხასიათით გამოამჟღავნა. ზუსტად იგივე ხდება 2020-იანი წლების ბავარიაში. ეს კი მომავალში დიდ წარმატებას გვპირდება”.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის კაპიტანმა მომავლის ფეხბურთზეც ილაპარაკა:
„ფინალმა ისიც გვაჩვენა, რომ ევროპულ ფეხბურთში ახალი ფილოსოფია იკიდებს ფეხს. შეინიშნება შემოქმედებითი ფეხბურთიდან დაშორების ტენდენცია, რომელიც პეპ გვარდიოლამ თავის დროზე სრულყოფილებამდე დახვეწა. ახლა ყველა გუნდი ცდილობს ტიკი-ტაკას დაცილდეს. წინა პლანზე გამოდის ჟინიანი, ენთუზიაზმითა და ძალ-ღონით სავსე ფეხბურთი, რისი ნიმუშიც გვაჩვენეს „ლივერპულმა”, „პარი სენ ჟერმენმა” და „ბაიერნმა”.