ახლა ყურადღების ცენტრში რაჰიმ სტერლინგია — მან ლეგენდარულ მძლეოსან უსეინ ბოლტთან ერთად იქეიფა, რამდენიმე დღეში კი ბოლტს covid 19 დაუდასტურეს.

პარასკევს, „მანჩესტერ სიტის” 25 წლის ვარსკვლავი მშობლიურ იამაიკაზე ყოფილა, სადაც დიდი სპრინტერი 34-ე დაბადების დღეს იხდიდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები რომლებზეც ჩანს, რომ ბოლტის დღეობაზე სტუმრები ცხადია შეჯგუფულები ცეკვავდნენ, პირბადე არავის ეკეთა და არც სოციალურ დისტანციას იცავდა ვინმე. არადა, ინგლისის ნაკრების თავკაც გარეთ საუთგეიტს სტერლინგი დღეს, 5 სექტემბერს, ისლანდიასთან სათამაშოდ, შეკრებაზე უნდა გამოეძახა. ისლანდიის მატჩიდან სამ დღეში ინგლისს დანიასთანაც უწევს ერთა ლიგის შეხვედრა.

გუშინ, იამაიკის რადიომ გამოაცხადა, რომ ოლიმპიური ლეგენდა კორონავირუსით არის ავად. ბოლტს ეს არ დაუდასტურებია, მაგრამ თავისი სურათი (ჩვენი ცნობის მთავარი, შავ-თეთრი ფოტო) დაპოსტა და მიაწერა, თვითიზოლაციაში ვარო.

ინგლისურმა პრესამ კი სტერლინგის ამბავი გადაამოწმა და მის მეგობარს მიაკვლია, რომელმაც თქვა, რომ ფეხბურთელი თავს შესანიშნავად გრძნობს, covid 19-ის სიმპტომები არ აქვს, თუმცა „მანჩესტერ სიტისა” და ინგლისის ნაკრების სამედიცინო პერსონალთან მჭიდრო კონტაქტშია.

საინტერესოა, რომ გუშინდელი მონაცემებით იამაიკას კორონავირუსის 1529 შემთხვევა ჰქონდა დადასტურებული (16 გარდაცვლილი), მაგრამ თუკი ივლისში სულ 174 შემთხვევა დადასტურდა, მარტო ბოლო ოთხ დღეში მათმა რაოდენობამ 267-ით იმატა.