
კორპორაცია „ყატარ სპორტს ინვესტმენტმა” „პარი სენ ჟერმენი” 9 წლის წინ იყიდა და ამ ხნის განმავლობაში მარტო ტრანსფერებში 1,2 მილიარდი ევრო დახარჯა. ასეთი გასავლის მიუხედავად, პარიზულმა კლუბმა პირველად მხოლოდ ახლა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გამარჯვება კი ვერ შეძლო — ფრანგი კინგსლი კომანის გოლით „ბაიერნმა” კილიან მბაპესა და ნეიმარის გუნდი 1:0 დაამარცხა.
პსჟ-ს 46 წლის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მარცხით რასაკვირველია უკმაყოფილოა, მაგრამ, როგორც ამბობს, მწვრთნელ თომას ტუხელს დიდ პატივს სცემს. ცნობისათვის: ტუხელი ალ-ხელაიფის ტოლია.
„გული დაგვწყდა, მაგრამ ეს ნორმალურია, — უთხრა პრეზიდენტმა RMC Sport-ს მას მერე, რაც ლისაბონური ფინალის დამთავრების შემდეგ დათრგუნულ ნეიმარს დიდხანს ეხუტა და ამშვიდა, — თანაბარი თამაში იყო, რომელიც სამწუხაროდ წავაგეთ. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი. მე მაინც ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. დიდებული სეზონი გვქონდა, ოთხი ჯილდო მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, დიახ, ამ თასის პარიზში ჩატანა ჩვენი ოცნებაა. ამ ოცნების ასახდენად მუშაობას გავაგრძელებთ. ვიცი, რომ გულშემატკივრებიც ამაყობენ ჩვენით. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა მომავალში ეს საოცნებო თასი აღვმართოთ. ამჯერად კი „ბაიერნმა” ღისეულად გაიმარჯვა. ის მსოფლიოში საუკეთესო კლუბია”.
ზემოთ თომას ტუხელი ვახსენეთ. მასთან დაკავშირებით იმას ვიტყვით, რომ გერმანელს დასვენების დრო არ აქვს. შაბათს უკვე საფრანგეთის ახალი ჩემპიონატის პირველი მატჩია, ხოლო მანამდე ის ვალდებულია თავისი მოთამაშეები წაგებისგან გამოაფხიზლოს და გუნდის გადახალისებაზეც იფიქროს.
„პარი სენ ჟერმენიდან” უკვე წავიდნენ თომას მუნიე („დორტმუნდში”) და ტანგი კუასი („ბაიერნში”), ედინსონ კავანის პორტუგალიის ფინალურ ტურნირშიც კი არ უნდოდა მონაწილეობის მიღება, ხოლო კაპიტნის ტიაგო სილვასა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტენგის კონტრაქტებს ვადა გაუვიდა.
„ბაიერნთან” დამარცხების შემდეგ ტუხელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იქნება თუ არა „პარი სენ ჟერმენი” სატრანსფერო ბაზარზე ძველებურად აქტიური და კონკრეტულად შეეცდება თუ არა „ბარსელონაზე” განაწყენებული ლეო მესის გადაბირებას.
ტუხელს ამ კითხვაზე გაეცინა და ასეთი პასუხი გასცა: „მესი, რასაკვირველია სასურველი ფეხბურთელია. ჩვენ საკმაოდ ბევრი მოთამაშე გავუშვით, „ბაიერნს” კი ვაკვირდები და ვხედავ, რომ ის თავის ხალხს უფრთხილდება. თუკი ჩვენ მომავალშიც დღევანდელდონეზე გვინდა თამაში, სატრანსფერო ბაზრით უნდა ვისარგებლოთ და ფეხბურთელები დავიმატოთ. საგაზაფხულო კორონა-პაუზის გამო მომდევნო სეზონი ხომ ფაქტობრივად შესვენების გარეშე ჩაივლის.
რაც შეეხება მესის… ნუთუ შეიძლება არსებობდეს მწვრთნელი, რომელსაც მესის თავის გუნდში ხილვა არ უნდა? თუმცა, მე ვფიქრობ რომ მესი კარიერას „ბარსელონაში” დაასრულებს. ის ბარსელონელია და ეს კარგია”.





