საქართველოს ნაკრებს სექტემბერში უეფას ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშებაში ორი მატჩის გამართვა უწევს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა C დივიზონის მე-2 ჯგუფში 5 სექტემბერს სტუმრად ესტონეთთან უნდა ითამაშოს, 8 სეტქმებერს კი შინ ჩრდილოეთ მაკედონია უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, ეს ერთა ლიგის მე-რე გათამაშებაა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.
ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას. ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია: თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი კუცია და „საბურთალოს“ მცველი ნიკა მალი.
ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ ორ შეხვედრას, ამერიკის საფეხბურთო ლიგის „სან ხოსე ერთქვეიქსის“ ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ვლადიმირ ვაისმა ნაკრების შემადგენლობაში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („სეტუბალი“, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“);
მცველები: ოთარ კაკაბაძე („ლუცერნი“, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა („შახტარი“, უკრაინა), გია გრიგალავა („არსენალი“, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), სოლომონ კვერკველია („როტორი“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), ნიკა მალი („საბურთალო“), გიორგი ნავალოვსკი („დინამო“, ბთ);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე „ტობოლი“, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია), გიორგი აბურჯანია („ტვენტე“, ნიდერლანდელი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ლევან შენგელია („ქონიასპორი“, თურქეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯიუ“, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („როტორი“ რუსეთი), გიორგი კუცია („დინამო“, თბ), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბთ);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („გენტი“, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა (ორივე „ანორთოსისი“, კვიპროსი).
ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:
როინ კვასხვაძე, დავით კობოური (ორივე „დინამო“, თბ), ლაშა პარუნაშვილი („ესბიერგი“, დანია), გიორგი მერებაშვილი („პლოცკი“, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („ზლინი“, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი), ლევან კუტალია („ჰაპოელი“ ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე („ქაისარი“, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული („პანიონისი“, საბერძნეთი).
ვაისის კრებული 31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება, მეორე დღეს კი, ესტონეთს 20:00 საათზე ეთამაშება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, 8 სექტემბერს ასევე 20:00 საათზე შედგება.
უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.