მბაპე და მიულერი ერთა ლიგის შეხვედრაში; 2018 წელი

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ლისაბონში, „და ლუჟის“ სტადიონზე ერთმანეთს „პარი სენ-ჟერმენი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ შეხვდებიან.

ფრანგული კლუბის შემტევი კილიან მბაპე განმარტავს, თუ როგორია მისთვის ფინალის დღე.

„არ ვფიქრობ, რომ ვინმესთვის განსაკუთრებული მაგალითის მიმცემი ვიქნები, რადგან ერთი ჩვეულებრივი დღე მაქვს… ვხუმრობ, ვუყურებ ფილმებს, ვრეკავ მეგობრებთან. სამაგიეროდ, საღამოს მთლიანად მატჩზე ვიქნები კონცენტრირებული“, – წერია მბაპეს სიტყვები UEFA-ს ვებგვერდზე.

ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ ფინალზე ისაუბრა მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა ტომას მიულერმაც.

„ისტორიული გმირობის ჩადენის სურვილი გვაქვს და ეს მოტივაციას გვმატებს. დიდი შანსია მოხდეს დაუჯერებელი ამბავი და ძალიან მოკლე მონაკვეთში მეორედ გავაკეთოთ ტრებლი. თუმცა, ბევრი ბავარიელისთვის ეს პირველი იქნება და მათ ამის გაკეთება ძალიან სურთ. თუმცა, ეს რომ მოხდეს, უნდა მოვიგოთ, პსჟ კი, წინააღმდეგობას გაგვიწევს.

პარიზულ გუნდს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ყოველი მატჩის შემდეგ მეტ და მეტ გამოცდილებას იღებენ. თუმცა, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვართ და სეზონი მაჟორულ ნოტაზე გვინდა დავასრულოთ, რათა შვებულება უფრო ღიმილიანებმა გავატაროთ. ჩვენ გვინდა ევროპის მეფეები ვიყოთ“, – აცხადებს მიულერი.

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე პსჟ-მ მოუგო „დორტმუნდს“ (1:2, 2:0), „ატალანატასა“ (2:1) და „ლაიპციგს“ (3:0), ხოლო „ბაიერნმა” ორჯერ დაამარცხა ლონდონის „ჩელსი (3:0, 4:1), გაანადგურა „ბარსელონა“ (8:2) და მოუგო „ლიონს” (3:0).