საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2020/2021 წლების სეზონში 10-ის ნაცვლად 12 გუნდი ითამაშებს.
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 2019/2020 წლების კაცთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, საშეჯიბრო დებულებაში დროებითი ცვლილებები შეიტანა, რომლებიც ერთი წელი იმოქმედებს.
უმაღლესი ლიგის 10 გუნდს + თბილისის „ლელო-სარასენსს“, „ბათუმს“, ქუთაისის „აიას“, რუსთავის „ხარებს“, თბილისის „აკადემიას“, გორის „ჯიქს“, ბოლნისის „ყოჩებს“, თბილისის „იუნკერებს“, თბილისის „ლოკომოტივსა“ და მარნეულის „არმაზს“ – პირველი ლიგიდან ორი მოწინავე – ქუთაისის „არესი“ და პატარძეულის „ვეფხვები“ დაემატა.
ახალ სეზონში ეს 12 გუნდი სამ ეტაპად ითამაშებს. პირველ ეტაპზე ისინი ორ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ორი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის სამ-სამი მოწინავე 6-გუნდიან ჯგუფში გაერთიანდება და ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო ქვედა ექვსეულის გუნდები უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად ითამაშებენ.
მეორე ეტაპზე ყველა გუნდს გადაყვება პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები. ის გუნდები, რომლებიც პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ, მეორე ეტაპზე ერთმანეთს აღარ შეხვდებიან და შინ და გარეთ მხოლოდ მეორე ჯგუფში მყოფ სამ გუნდს შეხვდებიან.
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, მოწინავე ექვსეულის გუნდები საჩემპიონო ფლეი ოფში ჩაერთვებიან. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს ეთამაშება. ორი მოწინავე პირველ ეტაპზე ისვენებს და ფლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება.
ქვედა ექვსეულში ფლეი ოფები არ გაიმართება და ბოლო სამი გუნდი 2021/2022 წლების სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს, მეცხრეადგილოსანი კი, პირველი ლიგის მეორე გუნდთან ფლეი ოფს ითამაშებს.
პირველ ლიგაში ასევე 12 გუნდი, იგივე სისტემით ითამაშებს და ერთი საუკეთსო 2021/2022 წლებში უმაღლესში აღზევდება, ხოლო მეორეადგილოსანი ამ უფლებისთვის ფლეი ოფში ითამაშებს. ერთი წლის შემდეგ პირველ ლიგაშ გუნდების რაოდენობა კვლავ 10-მდე შემცირდება.
საქართველოს უმაღლესი ლიგა სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.