„ბაიერნთან” 2:8 წაგების შემდეგ ლეო მესი „ბარსელონას” შეფებსა და კლუბის გარემოცვაზე ძალიან გაბრაზდა, მაგრამ კატალონიელებმა, როგორც ჩანს, მისი კიდევ უფრო მეტად განაწყენება მოახერხეს. მიზეზი: „ბლაუგრანას” ახალი მწვრთნელის როლანდ კუმანისა და მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის პირველივე პრივატული შეხვედრის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა.
კუმანი მესის შეხვდა, რათა 33 წლის სუპერვარსკვლავი დაერწმუნებინა, რომ „ბარსელონადან” წასვლა არ ღირს. როგორც ცნობილი გახდა, ამ შეხვედრის გამო არგენტინელმა შვებულება შეწყვიტა, თუმცა ინფორმაციამ მწვრთნელისა და ფეხბურთელის საუბრის შესახებ მისი დამთავრებისთანავე გაჟონა მას-მედიაში.
ითქვა, რომ მესის კუმანისთვის წასვლაზე ჩამოუგდია სიტყვა. მას უთქვამს, რომ „ბარსელონას” დატოვებას აპირებს, თუმცა ისიც კარგად იცის, რომ კლუბი შეეცდება ამის საშუალება არ მისცეს. მესის უთქვამს, რომ მას კარგად ესმის, თუ რა რთული მდგომარეობაა მის გარშემო შექმნილი.
როგორც არგენტინული გაზეთი „კლარინი” წერს, „ბარსას” კაპიტანი მხოლოდ იმან კი არ გააბრაზა, რომ კუმანთან მისი ლაპარაკის დეტალები გასაჯაროვდა, არამედ იმან, რომ ის კატალონიის რადიო RAC1-მა გაასაჯაროვა — RAC1 „ბარსელონას” პრეზიდენტის ჟოზეპ მარია ბარტომეუს მხარდამჭერია.
მესის სწამს, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. საუბრის შინაარსის გარეთ გამოტანა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა: ხალხმა უნდა იფიქროს, რომ მესი კლუბს ძნელბედობის დროს სტოვებს და ლაჩარივით გარბის. ეს კი, რასაკვირველია, შანტაჟია.
ამასობაში, „სპორტი” ავრცელებს ცნობას, რომ „ბარსას” ლიდერის შეძენით დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი”, „ინტერი” და „იუვენტუსი”.
„მუნდო დეპორტივო”, თავის მხრივ, წერს, რომ მესი არსად წამსვლელი არ არის და 2021 წლის ივნისამდე თავის ამჟამინდელ კონტრაქტს უერთგულებს.