ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. ამას კარგა ხანია გაიძახის საერთაოშირისო ფედერაციები, ასოციაციები თუ კომიტეტები. ისინი პირდაპირ ითხოვენ, რომ სახელმწიფო სპორტში არ ჩაერიოს. საქართველოში ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებით არის ატაცებული, საქმით კი…

ბევრჯერ მომხდარა, რომ სახელმწიფო სხვა და სხვა ფედერაციების არჩევნებში ჩარეულა. კიდევ ბევრჯერ მოხდება, მით უფრო, რომ წინ საამისო პერიოდი დგას. საერთოდ, ფედერაციების მუშაობა 4-წლიანი გეგმით არის გაწერილი და ყოველი ოლიმპიური თამაშების შემდეგ ხდება შეჯამება-არჩევნები. მართალია, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გადადებულია, მაგრამ ეს არჩევნების ჩატარებას არ აბრკოლებს – ყველა წესის დაცვით, არჩევნები წელს უნდა გაიმართოს. ჰოდა, ვართ დიდი ამბების მოლოდინში. ამასთან, ეს ყველაფერი თავად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა დაიწყო.

სეოკის საანგარიშო-საარჩევნო სესია 11 სექტმებრს დაინიშნა. აქ დარღვევას ვერ ვხედავთ, რადგან წესდებაში წერია, რომ ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან 6 თვეში შესაძლებელია საანგარიშო-საარჩევნო სესიის დანიშვნა. რადგან 2020 წლის ოლიმპიური თამაშები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, სეოკ-ი ამ ვადაში ჯდება.

თუმცა, ესეც პოლიტიკურად გათვლილი ნაბიჯია. დავიწყოთ იქიდან, რომ სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესია ყოველთვის დეკემბერში ტარდებოდა – მაშინ, როდესაც ყველა ფედერაციაში დასრულებული იყო არჩევნები.

სხვათა შორის, ზუსტად ამას გაიძახოდა სეოკ-ის ახლანდელი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი 2012 წლის არჩევნებზე, რომელიც თავდაპირველად 3 ოქტომბერს ჩაინიშნა. ხაბელოვი სულ რაღაც 2 დღის გამხდარი იყო პარლამენტარი, როდესაც ოლიმპიურ კომიტეტს საანგარიშო-საარჩევნო სესიის დანიშვნის თარიღი იმის გამო დაუწუნა, რომ ფედერაციების არჩევნები ჩატარებული არ იყო. მაშინ სეოკ-ის პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი გია ნაცვლიშვილი იყო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კაცი იყო, ხოლო ხაბელოვი – „ქართული ოცნების“. საბოლოოდ, „მიზანი მიღწეული იქნა“ – საანგარიშო-საარჩევნო სესია დეკემბერში გადაიტანეს, მანამდე საქმე ფედერაციებში „მოგვარდა“,  შემდეგ ხაბელოვმა კანდიდატურა თავად წარადგინა და მშვიდად მოიგო.

რა ხდება ამ შემთხვევაში? ახლა ყველაფერი პირიქით არის, დაახლოებით ხელი ხელს ბანს პრინციპით – მოდით, ფედერაციებო, ჯერ მე ამირჩიეთ, მერე თქვენთან სიტუაციას მარტივად დავალაგებთ.

თუმცა, ახალი წესდებით, არც ამ საქმის დალაგება სჭირდება ბატონ პრეზიდენტს. სეოკ-ის წესდებაში შეტანილ იქნა ცვლილება: თუ ადრე ოლიმპიურ ჩემპიონს დამოუკიდებლად შეეძლო კანდიდატურის წამოყენება, ახლა ამის უფლება არ აქვს. თუმცა, რატომ მარტო ოლიმპიურ ჩემპიონს – ნებისმიერ თქვეთაგანს, ვინც ახლა ამ სტატიას კითხულობთ, თუ რომელიმე სპორტული ფედერაცია წარგადგენდათ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობა შეეძლო. ახლა წესდებით კი, სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს სეოკ-ში შემავალი რომელიმე სპორტული ფედერაცის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ან გენერალური მდივანი.

მაგალითად, სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება სადღეისოდ არ აქვთ ოლიმპიურ ჩემპიონებს: რომან რურუას, გიორგი ასანიძეს ან გელა კეტაშვილს. სამაგიეროდ, აქვს აფროსნობის, ბადმინტონის, გოლფისა თუ მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანს. არც გვიფიქრია ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, უბრალოდ, „ჩარჩოებში ჩაჯდომის“ რეალური სურათი იხატება, თორემ ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ოლიმპიური ჩემპიონი სხვაზე გამოცდილი მენეჯერი იქნება.

ალბათ მარტივად ხვდებით ამ შემთხვევაში საქმე როგორ მარტივად ლაგდება…

თუმცა, მსგავი რამ მარტო 2012 და 2020 წლებში არ გვინახავს. გაცილებით რთული პოლიტიკური პროცესი 2008 წელს იქნა გადატანილი.

2007 წელს მაშინდელი პოლიტელიტა სეოკ-ის ოფისში შევიდა და ოფიციალურად მოითხოვა მაშინდელი პრეზიდენტის, ბადრი პატარკაციშვილის გადადგომა. ცხადია, ყოველგვარი ლეგიტიმურობის გარეშე. ასეც მოხდა – პატარკაციშვილი გადადგა. წესდების მიხედვით, მოვალეობის შესრულება რომელიმე ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნოდა და აღმასკომმა გოგი თოფაძეს მიანდო, რომელიც მაშინ ზამთრის სპორტულ სახეობათა პრეზიდენტიც იყო.

სანახევრო საქმე გაკეთებული იყო, მაგრამ არჩევნებს ვერანაირად ვერ დანიშნავდნენ 2008 წლის შემოდგომამდე. როგორც კი დრო მოვიდა, იმავე პოლიტელიტის დაჟინებული მოთხოვნა იყო 2008 წლის 31 ოქტომბერი – წინა პრეზიდენტის, უკვე გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღე. პრეზიდენტად გია ნაცვლიშვილი აირჩიეს.

ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც არჩევნები დეკემბერზე ადრე ჩატარდა (თუმცა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ). მეორე შემთხვევაზე უკვე გითხარით – 2012 წლის 3 ოქტომბერს (ისიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო) დანიშნული არჩევნები უკვე ახალმა პოლიტელიტამ დეკემბერში გადაიტანა.

პირველად მოხდება, რომ წლეულს, სეოკ-ის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებს დაასწრებს. ამასთან ერთად იმ პრინციპის „დარღვევით“, რასაც 2012 წელს თავად „სამართლიანად“ ითხოვდნენ. ეს ყველაფერი კი, ორმაგ სტანდარტს ჰგავს…