რომელუ ლუკაკუმ ევროლიგის დამარცხებული ფინალისტის მედალი არ აიღო — „ინტერში” ბელგიელი თავდამსხმელის საუცხოო სადებიუტო სეზონი დრამით დამთავრდა. როდესაც ანგარიში იყო 2:2 მან ბურთი საკუთარ კარში შეაგდო, რაც, როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩის გადამწყვეტი გოლი აღმოჩნდა.

ასეთი უიღბლობა იშვიათია. „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფორვარდმა ამ დღეს ანგარიში გახსნა — მე-5 წუთზე პენალტი გაიტანა — მაგრამ 74-ეზე, როდესაც სევილიელმა დიეგო კარლოსმა მაკრატელა დაარტყა, მან, მისდა საუბედუროდ, ფეხი ისე დაახვედრა ბურთს, რომ ის „ნეროაძურის” კარში შეფრინდა.

რასაკვირველია, კარლოსის აკრობატული დარტყმა მოწონებას იმსახურებდა, მაგრამ თვალი მაინც ლუკაკუს უიღბლობამ მოჭრა — რას იზამ, საუკუნეა ასეთი. ათწლეულების წინ, შეიძლება გოლი სულაც კარლოსისთვის ჩაეთვალათ, ლუკაკუზე კი უბრალოდ ეთქვათ, არ გაუმართლა და ბოლოწამს ბურთი ცუდად მოხვდაო. ახლა კი სხვა ეპოქაა, ანტიგმირი იპოვეს.

როგორც ვიდეოზე ჩანს, კარლოსის დარტყმულის დასაბლოკად ბელგიელმა ფეხი ინსტინქტურად გაწია და… ის თავის ბადეში ჩაჭრა. შეხვედრის დამთავრებამდე კი 15 წუთიღა რჩებოდა.

როგორც ზემოთ ვთქვით, მატჩის ანგარიშიც ბელგიელმა გახსნა — პენალტი შეაგდო. ეს გახლდათ მისი 34-ე გოლი „ინტერში” გატარებულ პირველ სეზონში. „ნეროაძურის” ისტორიაში ასეთი რამ მხოლოდ ლეგენდარულ ბრაზილიელ რონალდოს ჰქონდა გაკეთებული.

გარდა ამისა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბელგიელმა ევროლიგის გათამაშების ზედიზედ 11 შეხვედრაში გაიტანა გოლი.

და კიდევ, ევროთასებზე, ფლეი-ოფის ზედიზედ 6 შეხვედრაში, კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ (2012-13) არავის შეუგდია…