ქართველის სპორტსმენის, ქვეყნის პირველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ისა და ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველების განცხადებაში რამდენიმე საეჭვო დეტალია.
საქართველოს პროკურატურამ PHR-ის მოთხოვნა გაიზიარა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.
„გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.
ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა“, – წერია დოროყაშვილის ინტერესების დამცველთა განცხადებაში.
ამ განცხადებაში განსაკუთრებულად საეჭვოდ მოჩანს ბასილაშვილის ეკონომიკური ძალადობა ყოფილ მეუღლეზე. ფაქტობრივად, გამოდის, რომ მილიონერი ჩოგბურთელი ფულს სძალავდა ნელი დოროყაშვილს? ასევე გაურკვეველია განცხადებაში დაკონკრეტებული გენდერული ნიშნით ძალადობა – გამოდის, ბასილაშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ აყენებდა ყოფილ მეუღლეს, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელია?
ამასობაში კი…
ნიკა ბასილაშვილის მხარე ამბობს:
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა. შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები. რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს.“
ამ ყველაფრის გარდა, არსებობს ფაქტები, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია.
კერძოდ, ნიკა ბასილაშვილის ყოფილი მეუღლისგან მსგავსი ტიპის განცხადებები, იმ დროს ემთხვევა, როდესაც ნიკას დიდი ტურნირები აქვს ჩასატარებელი, ასეთი შემთხვევები იყო: 2019 წელს, „უიმბლდონზე“, დანიელ ევანსთან თამაშის წინა ღამეს, როცა ნელი დოროყაშვილმა ბასილაშვილს ქონებრივი დავის საჩივრის შესახებ წერილი გაუგზავნა. იმავე წელს ნელი დოროყაშვილი გაემგზავრა აშშ-ში და წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დაწყებამდე (US open) ყოფილ მეუღლესთან ქონებრივი დავის გადაჭრა მოინდომა.
ეს ყველაფერი სწორედ მაშინ ხდება, როცა ბასილაშვილი არ არის წინააღმდეგი, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს.
ასე მოხდა ახლაც, ნიკოლოზ ბასილაშვილი პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ამერიკაში, ცინცინატის მასტერსი იწყება, სადაც ჩვენიანიც ითამაშებს და შაბათს, მისი პირველი მეტოქე, კანადელი ფელიქს ოჟე ალიასიმი იქნება.