„ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და კვირას, 23 აგვისტოს, საქართველოს დროით 23 საათზე, „პარი სენ ჟერმენს” და მის გერმანელ მწვრთნელ თომას ტუხელს ხვდება.

ბავარიელთა თავკაცი ჰანს-დიტერ ფლიკი ინგლისურად რომ ვთქვათ „ტრებლის” მოგებასთან არის ახლოს. მის შემთხვევაში „ტრებლი” ერთ სეზონში ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ნიშნავს.

„ბაიერნმა” ევროსარბიელზე ბოლოს 7 წლის წინ მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლიონთან” 3:0 გამარჯვების შემდეგ 55 წლის მწვრთნელმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში თქვა:

„ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. თამაშის დასაწყისში ბედმა გაგვიღიმა გოლი რომ არ გავუშვით, მაგრამ შემდეგ ანალიზი ჩავატარეთ და დაცვა გადავაწყვეთ”.

ფლიკმა აღნიშნა, რომ ფინალში ზოგ რამეს შეცვლის და დასძინა, რომ ნახევარფინალის წინა დღეს, ვარჯიშზე მთლად კმაყოფილი არ იყო.

„ლიონთან” შეხვედრაში „რეკორდმაისტერის” თავკაცი თავიდან იმ შემადგენლობას ენდო, რომელმაც მეოთხედფინალში „ბარსელონა” დაარბია 8:2, მაგრამ, შესვენებისას კუნთის პრობლემის გამო ჯერომ ბოატენგის შეცვლა მოუხდა. გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ნიკლას შულემ შეცვალა.

ახლა კი რაც შეეხება შეხვედრის გმირ სერჟ გნაბრის, რომელმაც „ლიონს” პირველი (ვიდეო) და მეორე გოლები გაუტანა. ეს 25 წლის ფეხბურთელი ხუთი წლის წინ „არსენალიდან” „ვესტ ბრომვიჩში” იჯარით გადავიდა. „ვესტ ბრომვიჩის” თავკაცი მაშინ ტონი პულისი იყო, რომელმაც ახალგაზრდა სულ 12 წუთით ათამაშა და „არსენალს” დაუბრუნა. საინტერესოა, რას ფიქრობდა პულისი გუშინ, როდესაც მის მიერ დაწუნებული ყმაწვილი არც მეტი-არც ნაკლები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის გმირი გახდა.

თუმცა, მარტო პულისს არ გამოუჩენია სიბეცე — გნაბრი მომდევნო ზაფხულს თავად „არსენალმაც” მოიშორა. „ვერდერს” მიჰყიდა. და ფასს არ იკითხავთ? სულ რაღაც 5 მილიონ გირვანქად!

ცნობისთვის: „მეთოფეები” ზედიზედ მეოთხე სეზონია ჩემპიონთა ლიგაში ვერ ხვდებიან, გნაბრი კი, როგორც თავში მოგახსენეთ, კვირას „პარი სენ ჟერმენის” წინააღმდეგ ფინალში ითამაშებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი „ბაიერნი” მიჯრით 20 თამაშია იგებს, იოლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა განწყობაა მიუნხენელთა გუნდში.