კუმანი „ბარსელონაში” თამაშის დროს

„ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ „ბარსელონამ” კიკე სეტიენი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა — ეს ოფიციალური ინფორმაციაა. სეტიენს კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, რონალდ კუმანი შეცვლის — ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის. მიზეზი: კუმანი 2018 წლიდან ჰოლანდიის ნაკრებს უდგას სათავეში და უპირველეს ყოვლისა იქ უნდა მოუძებნონ შემცვლელი.

„ბარსელონა” 2007-08 წლების სეზონის შემდეგ პირველად დარჩა ტიტულის გარეშე. თანამდებობიდან მოხსნილ კიკე სეტიენს უკან მთელი სამწვრთნელო შტაბი მიაყოლეს.

სეტიენის მოსახსნელად,  ორშაბათს, კლუბის ოფისში მთელი დირექტორატი შეიკრიბა. „რეალ ბეტისისა” და „ლას პალმასის” ყოფილი თავკაცი 2020 წლის 13 იანვრიდან, 7 თვის განმავლობაში ედგა „ბლაუგრანას” სათავეში. მან ერნესტო ვალვერდე შეცვალა.

სეტიენის ხელმძღვანელობით „ბლაუგრანამ” ჩაატარა 25 შეხვედრა — 19 ესპანეთის პირველობაზე, 3 ჩემპიონთა ლიგაში და 3 სამეფო თასზე. ამ 25 შეხვედრიდან გუნდმა მოიგო 16, ფრედ ითამაშა 4 და 5 წააგო.

როგორც კატალონიური პრესა წერს, „ბარსას” ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ, რომ სეტიენი გუნდში ახალ იდეებს მიიტანდა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა. „ბარსელონა” ჯერ იყო და ესპანეთის სამეფო თასიდან გავარდა, შემდეგ „რეალთან” ლა ლიგა წააგო და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე დიდი მარცხი იწვნია — 2:8.

მწვრთნელის მოხსნა ერთია და 2021 წელს „კატალონიის სიამაყეს” პრეზიდენტის არჩევნებიც უწევს. ის 15 მარტს არის დანიშნული.