მარსელო ბეჩლერი ის ბრაზილიელი ჟურნალისტია, თავის დროზე პირველმა რომ თქვა ნეიმარი „ბარსელონადან” „პარი სენ ჟერმენში” გადადისო. მაშინ, არავინ დაუჯერა, მაგრამ, გავიდა ცოტა ხანი და მისი ნათქვამი ახდა.

ახლა ბეჩლერი ამბობს, რომ „ბარსელონას” შეფებს თვით ლეო მესიმაც ჩამოუგდო „კამპ ნოუდან” გაშვებაზე სიტყვა — სანამ 2021 წელს კონტრაქტის ვადა ამომეწურება, მანამდე მინდა წავიდეო.

„ბარსას” შეფების პასუხი სხვა ვერაფერი იქნებოდა თუ არა, როგორც თავად გადაწყვეტ, ჩვენც ისე მოვიქცევითო.

მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის იმედგაცრუება ძნელი გასაგები არ არის. ამ სეზონში „ბლაუგრანა” ჯილდოს გარეშე დარჩა. ბოლოს, ჩემპიონთა ლიგაღა ჰქონდა იმედად, მაგრამ „ბაიერნთან” წააგო, თან – 2:8.

მესიმ ამ შეხვედრაში საერთოდ ვერ მოახდინა გავლენა.

ამბობენ, რომ არგენტინელის განაწყენება წლეულს არ დაწყებულა. აგერ უკვე ზედიზედ მესამე წელია „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაში ვერაფერს ხდება.

თან, გამოვარდნაც არის და გამოვარდნაც. წლევანდელ 2:8-ს წინ უსწრებდა 2018 წლის მწარე მარცხი „რომასთან” (3:0; 1:4) და 2019 წლის ასეთივე პარტახი „ლივერპულთან” (3:0; 0:4).

კლუბები, რომლებიც მზად არიან ლეო მესის გადასაბირებლად ფული გამოძებნონ, გახლავან: „მანჩესტერ სიტი”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ინტერი”, „მილანი” და „პარი სენ ჟერმენი”.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ მესის „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა 2021 წელს ეწურება. „კამპ ნოუს” ბოსებმა არგენტინელს ახალ ხელშეკრულებაზე ბევრჯერ დაუწყეს ლაპარაკი, მაგრამ ის თავს იკავებს.