US Open-ზე დიდი სამეულის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაინც ვიხილავთ – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობაზე თამაში გადაწყვიტა, თუმც
სერბი ჩოგბურთელი იქვე გამოტყდა, რომ ორგანიზატორების მკაცრი მოთხოვნები რთული შესასრულებელი იქნება.

„სამედიცინო პროტოკოლითა და უსაფრთხოების წესების დაცვით US Open-ზე თამაში იოლი არ იქნება. ამ ტურნირისთვის ჩემ გუნდთან ერთად ვემზადებოდი და მგონი, კარგ ფორმაში ვარ. მზად ვარ იმისთვისაც, რომ ახალ პირობებს შევეგუო. გავიარე ყველა საჭირო ტესტი. მოკლედ, კორტზე ვბრუნდები და ვიმედოვნებ, რომ ჩემს საუკეთესო ჩოგბურთს ვაჩვენებ“, – ამბობს ნოლე.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩისგან განსხვავებით US Open-ზე არ იქნებიან როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი. ესპანელი ამერიკის ღია პირველობის შარშანდელი გამარჯვებულია.

ამერიკაში არ ითამაშებს შარშანდელი ტრიუმფატორი ქალთა შორის კანადელი ბიანკა ანდრეესკუ, რომელმაც გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება უახლოეს გარემოცვასთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.