ეს სიტყვები კატალონიურმა „მუნდო დეპორტივომ“ სათაურად გამოიტანა. საქმე ეხება ორი ვეტერანი გერმანელი ვარსკვლავის, „ბარიერნის“ აღმასრულებელი შეფის კარლ-ჰაინც რუმენიგესა და ლოთარ მათეუსის გამონათქვამებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ. მოგეხსენებათ, ლიგის მეოთხედფინალში წილისყრამ სწორედ „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ შეახვედრა ერთმანეთს.
კერძოდ, რუმენიგემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორივე გუნდის კარს გერმანელი იცავს — „ბაიერნისას“ მანუელ ნოიერი, ხოლო „ბარსელონასას“ მარკ-ანდრე ტერ შეტეგენი.
„გერმანიის ეროვნული გუნდი ბედნიერია ორი ასეთი დონის გოლკიპერი რომ ჰყავს, — უთქვამს რუმენიგეს — ორივე ტოპ-რანგისაა. ნოიერი მსოფლიო კლასის მეკარე გახლავთ, ტერ-შტეგენი კი მსოფლიო კლასს უახლოვდება“.
59 წლის მათეუსი კი „ბაიერნში“ 1984-88 და 1992-2000 წლებში თამაშობდა. მან „მუნდო დეპორტივოს“ აზრით მესი არ ახსენა სათანადო მოწიწებით.
„ბილდთან“ ინტერვიუში მათეუსმა თქვა:
„ეს იქნება შეხვედრა, სადაც მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტახტზე თავის მემკვიდრეს, რობერტ ლევანდოვსკის შეხვდება. ლევანდოვსკი დღეს არა მხოლოდ საუკეთესო თავდამსხმელი, არამედ საუკეთესო ფეხბურთელია.
„ბარსა“ ძველი „ბარსა“ აღარ არის. მას კარგი სეზონი არ ჰქონდა, ვერც ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ახლანდელი „ბარსელონას“ დაცვა მოწყვლადია და ბევრი მოთამაშე ვეღარც ადრინდელი სისწრაფით დაიკვეხნის. ანგარიშის მიუხედავად კატალონიელებმა „ნაპოლისთანაც“ იწვალეს.
და დიახ, მათ ჰყავთ მესი. და მისი გაბრწყინებები ყოველთვის სასარგებლოა, მაგრამ ერთი ფეხბურთელი საკმარისი არ არის. მე „ბარსელონა“ არ მაშინებს“.
თავის მხრივ, „შპორტ ბილდმა“ გერმანელი ვეტერანების სიტყვებზე „მუნდო დეპორტივოს“ რეაქცია „ბარსელონაში“ არსებული დაძაბულობის ნიშნად მიიღო. მან გერმანელს მკითხველს შეახსენა, რომ „ბარსელონას“ სეზონის მეორე ნახევარში უჭირს, კლუბმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული „რეალს“ დაუთმო, სუპერვარსკვლავის ლეო მესის შემყურე და დაძაბულია.