ბაიერნი 4:0 ატლეტიკო (1974)

კორონავირუსის პანდემიით განპირობებულმა იძულებითმა პაუზამ ჩემპიონთა ლიგას ფორმატი შეუცვალა. შედეგად, მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც თასი შესაძლოა ისეთმა გუნდმა აღმართოს, რომლის წარმატებასაც შეჯიბრების დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა.

თუმცა, ვინ რას წარმოიდგენდა იქით იყოს და მათემატიკურად დიდია ალბათობა იმისა, რომ ლიგას შემორჩენილი რვა კლუბიდან გაიმარჯვოს ისეთმა, რომელსაც ეს ჯილდო ადრე არასდროს მოუგია. ბუნებრივიცაა, რვიდან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ორს, „ბარსელონასა” და „ბაიერნს” გაუმარჯვია.

„ატლეტიკო”, „ლაიპციგი”, „პარი სენ ჟერმენი”, „ატალანტა”, „ლიონი” და „მანჩესტერ სიტი” ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო თასს არასდროს ფლობდნენ.

ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი, „მანჩესტერ სიტი”, ევროპულ ასპარეზზე ზუსტად ისევეა ტიტულოვანი, როგორც თბილისის „დინამო” — ერთხელ აქვს (1970) თასების მფლობელთა თასი მოპოვებული. ასევეა „პარი სენ ჟერმენიც”, რომელმაც დიდი დიდი „ინტერტოტოს თასიც” მიითვალოს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი შეჯიბრება იყო.

„ბარსელონას” და „ბაიერნს” ჩემპიონთა თასი/ლიგა ხუთ-ხუთჯერ აქვთ მოგებული. გერმანიის რეკორდმაისტერი ტროფის 1974, 1975, 1976, 2001 და 2013 წლებში ფლობდა. მისგან განსხვავებით „ბარსელონამ” პირველად ცოტა არ იყოს გვიან, 1992 წელს გაიმარჯვა („ბაიერნის” პირველი გამარჯვებიდან 18 წლის შემდეგ), 21-ე საუკუნეში კი თავი 2006, 2009, 2011 და 2015 წლებში გამოიჩინა.

ბოლო პერიოდში, არაბული ინვესტიციებით მოძლიერებულ „პარი სენ ჟერმენს” მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება აქვს დასახული, მაგრამ მეოთხედფინალს ვერა და ვერ გასცდა. „ლიონი” და ზემოთ ნახსენები „სიტი”  კი ნახევარფინალში არიან ნამყოფები.

იმ ექვსი კლუბიდან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში არასდროს გაუმარჯვიათ, ტრიუმფთან ყველაზე ახლოს „ატლეტიკო” იყო: სამი ფინალი აქვს წაგებული. პირველად ეს 1974 წელს „ბაიერნთან” მოხდა, შემდეგ კი (2014; 2016) „რეალთან”.

რაც შეეხებათ „ლაიპციგსა” და „ატალანტას”, გერმანელები შეჯიბრებაში მეორედ მონაწილეობენ, იტალიელები კი მთლად დებიუტანტები არიან.