17 წლის წინ, ივლისში, თბილისის „დინამო“ აშკარა ფავორიტის რანგში ტირანას ესტუმრა.  რატომ ფავორიტის რანგში? საქართველოს ჩემპიონებს პირველი მატჩი „დინამოს“ ცარიელ სტადიონზე 3:0 ჰქონდათ მოგებული. მაშინაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გახლდათ. ამათ შორის მოგებულს კი ავსტრიის „გრაცერთან“ უნდა ეთამაშა. მოგებულს რა, 99-პროცენტიანი ალბათობით, თბილისის „დინამოს“…

No description available.
ლადო ბურდულმა და დინამომ ტირანაში ნარინჯისფერი მაისურებით ითამაშეს

მაგრამ მოხდა სასწაული – ივო შუშაკის გუნდმა ტირანაში, ძირითადი და დამატებითი დრო 0:3 დათმო, მერე ვეღარც პენალტების სერიაში ივარგა და გავარდა… გაგიკვირდებათ და, ის შეხვედრა ჩვენებმა ნარინჯისფერი მაისურებით ჩაატარეს. როცა მიზეზი ვიკითხეთ, ეს ჩვენი მესამე სათამაშო ფორმაა, დღეს ეს ფერები ვამჯობინეთო, გვიპასუხეს.

ერთი კვირაში თბილისის „დინამო“ „ტირანას“ ისევ ცარიელი ტრიბუნების წინ, ამჯერად კორონაპანდემიის მიზეზით დაუხვდება, მაშინ კი სიცარიელე სტადიონის დისკვალიფიკაციით იყო გამოწვეული..

ვიმედოვნებთ, „დინამო“ საკლუბო ფერებს ამჯერად არ უღალატებს და შედეგსაც  სათავისოს მიიღებს, მით უმეტეს, საკვალიფიკაციო რაუნდი ერთმატჩიანია…

ლონდონში, ტოტენჰემთან მატჩზე, დინამო წითლებით გავიდა

ისე, ტირანამ და „ნარინჯისფერმა ევრომატჩმა“ უფრო შორსაც წამიყვანა და გამახსენდა, რომ…

1993 წლის 18 აგვისტოს დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით „დინამომ“ პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი თბილისში ჩაატარა. მეტოქე: ჩრდ.ირლანდიის „ლინფილდი“; მატჩის სტატუსი: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო; მასპინძელი გუნდის ფორმა… შინდისფერი… ორი მატჩის ჯამში „დინამომ“ კი იძალა, მაგრამ შემდეგ უეფამ თქვა თავისი სიტყვა და „დინამოს“ დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

ასეთი უიღბლო გამოდგა თბილისელების და ზოგადად ქართული საკლუბო ფეხბურთის ევროდებიუტი.

ლინფილდი და მიხეილ ყაველაშვილი დინამოს სტადიონზე

მერე უფრო ჩავუღრმავდი… 1973 წელს „დინამო“ უეფას თასზე „ტოტენჰემს“ შეხვდა. თბილისური მატჩი 1:1 დამთავრდა, ლონდონში კი ჩვენებმა სათამაშო ფორმა დაკარგეს…„უაით ჰარდ ლეინის“ გადაღმა, მაღაზიაში ახალი, წითელი ფერის მაისურები შეიძინეს, ითამაშეს და 1:5 წააგეს.

1977 წელს, ისევ უეფას თასზე, თბილისის „დინამომ“ წითელი მაისურებით ითამაშა შვეიცარიულ „გრასჰოპერსთანაც“. შინ ჩვენებმა 1:0 მოიგეს, ციურიხში 0:4 წააგეს.

No description available.
ვალტერ გუჩუა და დინამო ლევერკუზენს ყვითელი მაისურებით დაუხვდნენ

უფრო ახლოს:

1997 წელს „დინამომ“ „ლევერკუზენს“ უმასპინძლა. შინ 1:0 მოიგო, სტუმრად 1:6 დათმო. ჩვენებმა ყვითელი მაისურებით ითამაშეს.

კიდევ რამდენჯერმე იყო, როცა თბილისის „დინამომ“ ტრადიციული ლურჯ-თეთრი გაიხადა და დაისაჯა კიდეც…

მოკლედ, აღარ გინდათ ეს წითელ-ყვითელ-ათასფერები. ლურჯ-თეთრი, ესაა „დინამოს“ ფერი…

ჰოდა, ვიდრე „ტირანა“ ჩამოსულა, გაიხსენეთ ტირანა, ნარინჯისფერი ტირანა…

Грассхопперс» (Цюрих, Швейцария) — «Динамо» (Тбилиси) 4:0 (1:0 ...
დინამოს ციურიხში, გრაჰოპერსთან, წითელი მაისურები ემოსა