NBA-ს განახლებულ რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძე მეორედ გამოჩნდა მოედანზე და ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მიითვალა – ქართული კალათბურთის იმედმა თვით ლებრონ ჯეიმსს დაუფარა.

Los Angeles Lakers forward LeBron James (23) drives to the basket against Indiana Pacers center Goga Bitadze (88) during the second quarter of an NBA basketball game Saturday, Aug. 8, 2020, in Lake Buena Vista, Fla. (Kim Klement/Pool Photo via AP)„ინდიანამ“ 116:111 რომ დაამარცხა ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი „ლეიკერსი“, ამაში წილი ქართველმა ცენტრმაც დაიდო, რომელმაც ხსენებულ დაფარებას 12 წუთში შვიდი ქულა, ორი მოხსნა და ერთი ჩაჭრაც მიაყოლა. გოგამ ორიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ასევე ორჯერ ისროლა სამიანი და მიზანს ერთხელ უწია.

აღსანიშნავია, რომ ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა 25 წუთში 7 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, 5 პერსონალური მიიღო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 0 იყო.

ინდიანელთაგან საუკეთესო შედეგი ტიჯეი უორენმა დააფიქსირა – 39 ქულა. 24 ქულა ჰქონდა მალკოლმ ბროგდონს, 22 – ვიქტორ ოლადიპოს. ლოსანჯელესელთაგან 31 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი ჯეიმსმა მიითვალა. ენტონი დევისი მხოლოდ 8 ქულას დასჯერდა.

43 მოგებითა და 27 წაგებით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და ფლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს. მომდევნო მატჩს „ინდიანა“ „მაიამისთან“ 11 აგვისტოს გამართავს.