„ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის კორონიანი სეზონის მეოთხედფინალშია. მან მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში იოლად სძლია „ნაპოლის” 3:1 და ორი მატჩის ჯამში 4:2 მოიგო.

„ბლაუგრანას” მომდევნო მეტოქე იქნება „ბაიერნი”, რომელმაც ამ ეტაპზე „ჩელსის” მოუღო ბოლო — პირველ მატჩში მოგებულ 3:0-ს შინ 4:1 დაამატა.

„ბარსელონა” და „ბაიერნი” ერთმანეთს შემდეგ პარასკევს, ლისაბონში დაუპირისპირდებიან. ეს უკვე იქნება სახეშეცვლილი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა. ამიერიდან შეჯიბრება პორტუგალიაში, რვათა ტურნირის ფორმატით გაგრძელდება და გუნდები თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს.

„ბარსამ” „ნაპოლის” საქმე პირველ ტაიმში მოუმთავრა, თუმცა დიდი შეცდომა არ იქნება თუ კიდევ უფრო დავაკონკრეტებთ და ვიტყვით, რომ ეს პირადად ლეო მესიმ გააკეთა.

ეგაა, რომ ანგარიში მესის არ გაუხსნია — კლემენტ ლენგლემ ივან რაკიტიჩის ჩაწოდებული კუთხურიდან თავურით გაიტანა — აი, ამის შემდეგ კი მატჩის მთავარი გმირი უკვე არგენტინელი გახდა: საოცარი გოლი შეაგდო (იხ. ვიდეო), კიდევ ერთი არ ჩაუთვალეს და ერთიც პენალტი მოინადირა, რომელიც ლუის სუარესმა გაიტანა.

„ნაპოლიმ” მესის (და „ბარსას”) აფეთქებას, ტაიმის ბოლოს, ლორენცო ინსინიეს პენალტით უპასუხა. აქვე უნდა ითქვას, რომ სულ თავიდან, როდესაც თამაში დაიწყო, პირველი ეფექტი სტუმრებმა მოახდინეს: დრეს მარტენსმა ძელს გაარტყა ბურთი. რომ შეეგდო, ვინ იცის მატჩს სხვა სცენარი ჰქონოდა, თუმცა ამ შეხვედრაში ნეაპოლელებმა რიხიანი გუნდის შთაბეჭდილება ვერ დატოვეს და ვითომ ანგარიშის გახსნას ასეთი დიდი მნიშვნელობა ექნებოდა?

ზემოთ არჩათვლილი გოლი ვახსენეთ. VAR-მა მიიჩნია, რომ ბურთი მიღების დროს მესის ხელზე შეეხო.

საინტერესო სტატისტიკა: „ბარსელონა” ზედიზედ მეცამეტედ (13!) გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. კატალონიელები ამ ეტაპს 2006-07 წლების სეზონის შემდეგ არ გამოკლებიან, მას მერე, რაც ლეო მესი 19 წლის იყო.