რაც არის არის, როგორც პარლამენტში იტყვიან, ცივი გონებით ვილაპარაკოთ. ჯერ ეს ერთი, რომ ცხელი გონებით არაერთხელ გამოგვითქვამს ტკბილი სიტყვები და ამას არანაირი სარგებელი არა ჰქონია და მეორეც – ასეთ შემთხვვაში ცივი გონება სჯობს.
სულ დანომრილად მოგახსენებთ ყველაფერს:
რა მომეწონა
- ძალიან მომეწონა ის ამბავი, რომ ალექსანდრე იაშვილი ალბათ მალე წავა საზღვარგარეთ და ამ ჭაობს მოწყდება.
- ძალიან მომეწონა „ლოტოს“ მიერ სქოთურ ყაიდაზე გაწყობილი დინამოელთა ახალი ფორმა.
- ასევე ძალიან მომეწონა ის, რომ 1:5-ს როცა ვაგებდით, „ერტეელის“ ოპერატორები „ბაიერის“ სტადიონის სანახებში დაბუდებულ ობობებს გვიჩვნებდნენ. ობობა, თავისი ქსელით, დიდად სიმბოლური ვინმეა.
რა არ მომეწონა
- არ მომეწონა „ბაიერის“ ფეხბურთელების დაუნდობელი ხასიათი, მათ სრულიად არ გაუწიეს ანგარიში იმას, რომ 16 წლის წინათ „დინამომ“ თვით დიდი „კარლ ცაისი“ დაამარცხა და თასთა თასი მოიგო. ისეთი უხიაგი წესი აქვთ – დღევანდელობიდან მომავალს გასცქერიან და არა წარსულს.
- ძალიან არ მომეწონა აგრეთვე ის, რომ რაც ჩვენებური ფეხბურთი არსებობს, ბუნდესლიგურ გუნდთან ვერასდროს ვერაფერი გაგვიწყვია. მაშინცა კი, როცა გუნდურ კლასსა და ტაქტიკურ ანაბანას ვფლობდით და ერთგვარ საერთაშორისო დონეს ვინარჩუნებდით.
- „უძალიანესად“ არ მომეწონა ის ამბავი, რომ ტიროლის მთებსა და ლევერკუზენის ფარმაციულ ქარხნებს შორის ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ. ბონაპარტულად თუ წავუმატებთ – ვერც ვერაფერი დავივიწყეთ.
- ასევ, საშინლად არ მომეწონა ის ამბავი. რომ „კრუზეიდერსი“ გამახსენდა. ასე გამოდის, რომ ჩვენ ჰერ დაუმისთვის „კრკუზედერსი“ ვართ. ეს ასეც უნდა იყოს და ასეც იქნება, რადგან ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, ლაპარაკი და ბუტაობაა და არა ფეხბურთის შენება.
აქედან ცხელი გონებით
ყველაზე მეტად კი ის არ მომეწონა, რომ ჩვენ ირლანდიელ პარიკმახერებს და დოკერებს დავცინით, ფეხბურთის თამაში და ტაქტიკა არ იციანო, იმათ თავისი წილი და ადგილი იციან. ჩვენ კი მათ ბოთლებს ვევსრით. ჩვენ ბოთლებს ვესვრით ჩვენს ნაკრებსაც, როცა შინ ინგლისელებთან ვიგებთ. ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ ჩვენი ადგილი დღევანდელ ფეხბურთში და ამავდროულად არ გვინდა ავიწიოთ მაღლა.
უბრალოდ, ჩვენ გვინდა თავი დაგვანებონ ვიღაც ახვარმა და ნაბოზარმა მესვეტეებმა და ჟურნალისტებმა, რომლებსაც რახან „ყუბანის“ ან „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ არ უთამაშიათ, ფეხბურთზე ლაპარაკის უფლება არა აქვთ.
ჩვენი ფეხბურთელები ოსტატობით ჩამოუვარდებიან გერმანელ ფეხბურთელებს (მგონი, ამერიკა არ აღმომიჩენია) მაგრამ:
- ფეხბურთი დემოკრატიული თამაშია.
- ფეხბურთი მარტივი თამაშია.
ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ 1:6 არ წააგო. მთავარია, ვიღაც ერთი კარგად დაფიქრდეს და გეზი განსაზღვროს.
წაგება არც სირცხვილია, არც ტრაგედია. „ბაიერნს“ ბეკენბაუერით, მაიერითა და მიულერით წაუგია 1:5 კრუიფის „აიაქსთან“. სირცხვილი არც ის არის, რომ აგებ კვალიფიკაციით უფრო მაღალ გუნდთან. ან რატომ, როგორ, რისთვის არ უნდა წააგო „ბაიერნთან“?
ამის გამო ვერასდროს დაგძრახავს ვინმე.
ტრაგედია ის არის, რომ ჩვენს საყვარელ, ერთადერთ გუნდს არა აქვს ხასიათი, არა აქვს საკლუბო სული, არა აქვს გონებრივი ერთობა და არა აქვს მიზანი.
„დინამოს“, როგორც გუნდის, დემორალიზება ხუთ წუთში შეუძლია ყველას, „ბოტევს“, „ტიროლს“, „ბოავიშტას“, „ბაიერნს“ და ათას სხვას.
ყველას, გარდა ირლანდიელებისა, ჩვენ კი მათ ბოთლებს ვესვრით.
16.08.1997