5-თვიანი პაუზის შემდეგ მისი უდიდებულესობა ჩემპიონთა ლიგა განახლდა. თუმცა, ვაი ამ განახლებას. ჯერ ერთი, მაყურებლების გარეშე რომ ასეთ მატჩებს ხიბლი არ აქვს და მეორეც – VAR-ი რატომ შემოიღეს, გაურკვეველია.

მაყურებლებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ ვიდეორეფერიზე გადავალთ, რომლის საქმიანობა გაურკვეველი რჩება. ის, რაც „იუვენტუსი“-„ლიონის“ მატჩში მოხდა, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. დაინიშნა ორი უსაფუძვლო პენალტი და VAR-ს რეაგირება არ მოუხდენია. განსაკუთრებით „იუვეს“ კარში დანიშნული პენალტი უნდა გამოვყოთ, სადაც დასაჯარიმებელი შემტევი იყო „სპორტული აფერისტობისთვის“.

რას აკეთებს და რატომ არის VAR-ი, ბევრ კითხვას აჩენს.

საბოლოოდ, „ლიონმა“ სასურველ შედეგს მიაღწია და ეს სწორედ იმ აბსურდული 11-მეტრიანის დამსახურებაა, რომელიც მემფის დეპაიმ შეაგდო. ფრანგული კლუბი შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა. არადა, „ლიონს“ მეტჯერ კარში არც დაურტყამს.

მართალია, დარჩენილ დროში კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ „ბებერ ქალბატონს“ საერთო ჯამში მოსაგებად არ ეყო.

„მანჩესტერ სიტი“ სერიოზული ჰანდიკაპით დაუხვდა მადრიდის „რეალს“. ესპანელებს ყველა შემთხვევაში ორი გოლის გატანა მართებდათ. ამიტომ, რაფაელ ვარანის უხეში შეცდომა და რაჰიმ სტერლინგის გოლი მატჩის დასაწყისშივე მატჩის სცენარს ბევრად არ ცვლიდა. თუმცა, ვარანი გუშინ აშაკარად „სიტის“ მხარეს იყო – ფრანგმა კიდევ ერთი გოლი აჩუქა „ქალაქელებს“ და ყველაფერი ნაადრევად გადაწყვიტა.

რომ არა ფრანგი, ვინ იცის, იქნებ, „რეალს“ არც წაეგო. თუმცა, მადრიდელებმაც უსისხლოდ ითამაშეს. თითქოს სათამაშო ეპიზოდებში ბრძოლა ეზარებოდათ. ამის დასტურად შეგვიძლია ის სამი ჯარიმა მოვიყვანოთ, რომელიც მადრიდელებმა მთელი მატჩის განმავლობაში „აიკიდეს“. მსგავსი ფაქტი საფეხბურთო პრაქტიკას არ ახსოვს.

მოკლედ, მეოთხედფინალში „სიტი“ და „ლიონი“ გავიდნენ, რომლებიც ერთმანეთს შეხვდებიან…

დღეს მერვედფინალური ეტაპი ორი მატჩით დასრულდება. „ბაიერნი“ „ჩელსის“ დაუხვდება, „ბარსელონა“ – „ნაპოლის“

„იუვენტუსი“-„ლიონი“ 2:1

0:1 დეპაი (12პ), 1:1, 2:1 რონალდუ (43პ, 60)

„მანჩესტერ სიტი“-„რეალი“ 2:1

1:0 სტერლინგი (9), 1:1 ბენზემა (28), 2:1 გაბრიელ ჟესუსი (68)