იკერ კასილიასმა ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად დაასრულა, ჩავი ერნანდესმა კი დიდი ესპანელი მეკარისადმი მიძღვნილ მოწიწების მესიჯებს თავისი დაამატა.
კასილიასს და ჩავის ერთად მრავალი რამ გადახდენიათ. კასტილიელი და კატალონიელი ვარსკვლავები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთად გახდნენ მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონები, საკლუბო დონეზე კი ბევრჯერ უკაპიტნიათ „ელ კლასიკოში” დაპირისპირებული „რეალისა” და „ბარსელონასთვის”. ისინი უმაღლესი რანგის შეხვედრებში მეტოქეებიც ყოფილან და თანაგუნდელებიც.
კასილიასი და ჩავი ხშირად გამოდიოდნენ მადრიდელთა და ბარსელონელთა უკიდურესად დაძაბული, მაღარი რისკის დაპირისპირებების დროს დამშოშმინებლის როლში, რისთვისაც სპორტში ასტურიის პრინცის ჯილდოც მიუღიათ.
და აი, ჩავიმ კასილიასს პოსტი მიუძღვნა, რომელსაც მათი სანაკრებო და საკლუბო ფოტოებიც დაურთო. „ბარსას” ლეგენდარული კაპიტანი წერს:
„იკერ, გმადლობ იმ 23 წლისთვის, რომლის განმავლობაშიც ჩვენ თანაგუნდელები, მეტოქეები და რაც მთავარია მეგობრები ვიყავით. ამ წლების განმავლობაში მე შევიქენი მოწმე იმისა, თუ როგორ იზრდებოდი შენ როგორც პროფესიონალი და როგორც პიროვნება. ჩვენ ერთად გაგვიმარჯვია და დავმარცხებულვართ.
ჩვენ გავბუტულვართ და შევრიგებულვართ. მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს ფეხბურთი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ეგონა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ასე არ იყო. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ადამიანთა ღირსება და ურთიერთპატივისცემაა. ამიტომაც ვაგვარებდით ყველა კონფლიქტს და ამიტომაც ჩამოგვიყალიბდა ურყევი მეგობრობა. გილოცავ, შენ ბრწყინვალე კარიერა გქონდა, მეგობარო. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
დიდი მადლობა, იკერ!”