23 წლის ინგლისელმა მეკარემ დინ ჰენდერსონმა ოლე გუნარ სულშერს გადაჭრით უთხრა, ან ძირითადში მათამაშე ან გამყიდეო. ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს” კარგა ხანია იჯარით ჰყავს გასხვისებული და მან, ბოლო ორი სეზონი, „შეფილდ იუნაიტედში” შესანიშნავად ჩაატარა.

ჰენდერსონს „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნება და ესპანელი დავიდ დე ხეას თადარიგში ჯდომა არ უნდა. მის სასარგებლოდ მუშაობს დე ხეას უხეში შეცდომებიც. აქა-იქ უკვე ითქვა, რომ მანჩესტერელებისთვის ახალ მეკარეში მილიონების გადაყრას, ჰენდერსონის დაბრუნება და კარში დაყენება ჯობს.

სიტუაციას გაფაციცებით აკვირდება „ჩელსი”. ლონდონელებზე ამბობენ, მზად არიან ჰენდერსონს ხელფასი გაუორმაგონო. ფრენკ ლემპარდი ამ მეკარეს სიამოვნებით იყიდდა, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს” არ სურს კონკურენტი კარგი ფეხბურთელით გააძლიეროს.

ამრიგად, სულშერი რთულ მდგომარეობაშია: ზუსტად ერთი წლის წინ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალ, ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერი ხელი, რომელიც კლუბს 117 მილიონი გირვანქა დაუჯდება. მეკარისთვის, რომელმაც კურიოზულ შეცდომებს მოუხშირა, ეს ძალიან დიდი თანხაა. არადა, ნორვეგიელი მწვრთნელი ბოლო თვეების განმავლობაში დიდწილად 29 წლის გოლკიპერის გამართლებით იყო დაკავებული. თუმცა, ვერც მოწადინებულმა სულშერმა შეძლო აეხსნა ფანებისთვის, რატომ გაუშვა ესპანელმა „ჩელსისთან”, ასოციაციის თასის ნახევარფინალში მეისონ მაუნტის დარტყმული (იხილეთ ვიდეო). მაშინ სულშერმა თქვა:

„მან კარგად იცის, რომ ასეთი ასიდან ასი უნდა აიღოს”.

ახლა „მანჩესტერ იუნაიტედს” ევროლიგის მერვდფინალში „ლინცთან” უწევს შეხვედრა და იქ გუნდის კარს სამარქაფო მეკარე სერხიო რომერო დაიცავს. „იუნაიტედს” ავსტრიელებთან პირველ შეხვედრაში 5:0 აქვს მოგებული.

რომეროს მიმდინარე სეზონში ინგლისურ თასებზე ათამაშებდნენ, მაგრამ „ჩელსისთან” ისევ დე ხეას ენდნენ და ამის გამო ფრიად განაწყენებული იყო.