„რეალი” უკვე ემზადება იმ დროისთვის, როდესაც 32 წლის ქარიმ ბენზემას გაუშვებს და მეტოქის საჯარიმოში ახალი ვარსკვლავი დასჭირდება. ფრანგს კონტრაქტს ვადა 2022 წელს გაუდის და როგორც ესპანური გამოცემა AS წერს, კლუბმა უკვე იცის მის შემდეგ „ვისი სულიც სურს”.

ლაპარაკია, „დორტმუნდის” 20 წლის ნორვეგიელ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდზე. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „რეალი” და ჰოლანდი ერთად ახსენეს.

AS წერს, რომ „თეთრები” ჯერ მაინც აკვირდებიან. მათ გადაწყვიტეს ერთი-ორი წელი შეისწავლონ, როგორ განვითარდება ნორვეგიელი „დორტმუნდში”.

იბადება ლოგიკური კითხვა: რას უცდიან მადრიდელები? ახლავე რატომ არ შეიძენენ აშკარად ნიჭიერ თავდამსხმელს? პასუხი მარტივია: კორონას გამო „რეალს” იოლად გასასროლი ფული აღარ აქვს. ამას დაამატეთ, რომ ჰოლანდს „სიგნალ იდუნა პარკზე” კონტრაქტის თანახმად 2024 წლამდე უწევს დარჩენა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღესვე მისი გამოსყიდვა ძალიან ძვირი დაჯდება.

AS-ს ინფორმაციით „რეალმა” გარკვეული ნაბიჯი მაინც გადადგა და „დორტმუნდის” პასუხისმგებელ პირებს სიტყვიერად გაურიგდა, რომ 2022 წელს ნორვეგიელის ტრანსფერზე დაილაპარაკებენ. თან, ესპანელებს გერმანელებისთვის პირობაც ჩამოურთმევიათ, რომ ისინი გაბერილ თანხას არ მოსთხოვენ.

ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდმა” „ზალცბურგისგან” 2020 წლის დასაწყისში 20 მილიონ ევროდ შეიძინა, რის შემდეგაც, ფორვარდმა, ნახევარ სეზონში 15 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.