ვითარება შეიცვალა: „მანჩესტერ იუნაიტედი” ჯეიდონ სანჩოს ყიდვასთან ახლოს არის. თანხა სარეკორდოა – 110 მილიონი გირვანქა (122,254 მილიონი ევრო). და რაც ყველაზე საინტერესოა, „იუნაიტედის” შეფებს „დორტმუნდის” მიერ დათქმული ბოლო ვადის, ორშაბათის დადგომისა არ ეშინიათ, რადგან გერმანელები თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე დაიყოლიეს.
კერძოდ, „ოლდ ტრეფორდიდან” „სიგნალ იდუნა პარკზე” თავიდან 70 მილიონი გირვანქა გადაირიცხება — როგორც ინგლისური პრესა წერს, მანჩესტერელები 20 წლის ფეხბურთელში ხელაღებით 110 მილიონს ვერ გაისროდნენ. შემდეგ გადაირიცხება თანხის მეორე ნაწილი, და ბოლოს, იმის მიხედვით, თუ როგორ ითამაშებს ინგლისელი ყმაწვილი ახალ კლუბში, „იუნაიტედი” ეგრეთწოდებულ დამატებებსაც გადაიხდის. დამატებების გადახდა-არ გადახდა უკვე დამოკიდებული იქნება არა მარტო პრემიერლიგის არამედ ჩემპიონთა ლიგის შედეგებზეც.
ზემოთ ვთქვით, რომ 110 მილიონი გირვანქა სარეკორდო თანხაა. ლაპარაკია ბრიტანეთის რეკორდზე, სადაც აქამდე ყველაზე ძვირი გარიგება 2016 წელს „იუვენტუსსა” და ამავე „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის შედგა — ინგლისურმა კლუბმა იტალიურს პოლ პოგბას „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნებაში 94,5 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
„მანჩესტერ იუნაიტედში” ჯეიდონ სანჩოს ხელფასი ჯერჯერობით კვირაში 220 ათასი გირვანქა იქნება. ეს ჯამაგირი მომავალ სეზონში შეიძლება თავად კლუბმა გაზარდოს.
რაც შეეხება სანჩოს საყვარელ, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” კი საკრალურ (კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ კანტონა, დევიდ ბექემი) 7 ნომერს, „ოლდ ტრეფორდზე” ის ბოლოს ალექსის სანჩესს ეცვა. სანჩესს „იუნაიტედში” არ გაუმართლა და კლუბმა ის ორი წლით „ინტერში” გაუშვა. ახლა ჩილელს იჯარის ვადა გაუდის და წესით ინგლისში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ „იუნაიტედში” ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ის მილანელებს სამუდამოდ დაუტოვონ. ცხადია ფასსაც დააკლებენ.
ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედში” 7 ნომრით ლეგენდარული ჯორჯ ბესტიც ხშირად თამაშობდა, თუმცა ის მუდამ 7 ნომერი არ ყოფილა. ბესტს არანაკლებ ხშირად 10 და 11 ნომრიანი მაისურებიც ეცვა.
და ბოლოს ისევ სანჩოზე: ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი იყო. „დორტმუნდმა” ის „ქალაქელებისგან” 10 მილიონ გირვანქად იყიდა და აი, სამი წლის შემდეგ, ახალგაზრდა გარემარბი ქალაქში 110 მილიონად ბრუნდება.