სანამ ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი” გაიმართება, მანამდე მერვედფინალურ წყვილებში დარჩენილი მატჩებია ჩასატარებელი. ერთ-ერთი მათგანი არის „ბარსელონა” —„ნაპოლი” (პირველი მატჩი 1:1). ამასობაში, ესპანეთში კორონავირუსის მეორე ტალღა „აფეთქდა” და კატალონიაში მატჩის ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა.

შედეგად, UEFA-მ გარანტიები მოითხოვა, ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ თამაშის ჩატარება სრულიად უსაფრთხო იქნება და „კამპ ნოუზე” თამაშის ნებართვა გასცა.

ეს არ მოსწონს „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ბარსელონაში სათამაშოდ არ ჩავა.

„არ მესმის, რატომ უნდა ვითამაშოთ იმ ქალაქში, სადაც შესაძლოა პრობლემა შეიქმნას. UEFA არაფერს აკეთებს. უმოკლეს დროში შეიძლება გადაწყვეტილების მიღება, რომ გერმანიაში, პორტუგალიაში, ან შვეიცარიაში ვითამაშოთ. მაგრამ UEFA-ში არავინ იცის საქმე როგორ კეთდება. თითქოს საბავშვო ბაღში ვიყოთ” – აცხადებს დე ლაურენტისი.