ბრაზილიელი ზე რობერტო, რომელმაც ევროპელ გულშემატკივარს თავი „რეალში”, „ლევერკუზენში”, „ბაიერნსა” და „ჰამბურგში” თამაშით დაამახსოვრა, ახლა 46 წლისაა და TyC SPORTS-თან ინტერვიუში იმ ვარსკვლავებს იხსენებს, ვისთან ერთადაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში უბურთავია.

სელესაოსთან ერთად ზე რობერტო მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა, მაგრამ ორჯერ (1997, 1999) კოპა ამერიკა და ორჯერაც (1997,2005) ფიფას კონფედერაციათა თასი მოიგო. ჟურნალმა „კიკერმა” ის სეზონის დამთავრების შემდეგ სამჯერ დაასახელა ბუნდესლიგის სიმბოლურ ნაკრებში, ხოლო 2006 წელს ფიფამ მუნდიალის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა.

ლეგენდარული რონალდოს შესახებ ზე რობერტო იგონებს, რომ ის წვეულებებს არ აცდენდა: „რონალდო დროსტარების მხეცი იყო. საღამოს სადმე წვეულებაზე რომ წავიდოდა, დილით, გამოუძინებელი მოდიოდა ვარჯიშზე. თვალებს არ ვუჯერებდით, დალევდა და მეორე დღეს ცხოველის დატვირთვით ივარჯიშებდა”.

და ნაკრებში რონალდოს წვეულებების ძებნა არ სჭირდებოდა. მიზეზი: რონალდინიოს გარშემო ყოველთვის რაღაც ხდებოდა.

„რონალდინიოს სახლში ჰქონდა დისკოთეკა. ამ წვეულებებზე მეც ძალიან ხშირად მპატიჟებდნენ, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებდი. მერჩივნა არ წავსულიყავი.”

როგორც ჩანს, ყველა ბრაზილიელი ერთნაირი არ არის. 2017 წელს, ზე რობერტომ, „პალმეირასში”, ფეხბურთელის კარიერა რომ დაამთავრა, 43 წლის იყო და ბოლო დღემდე უკიდურესად დისციპლინირებულ სპორტსმენად იცნობდნენ.