ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი „დორტმუნდი” უკვე 2020-21 წლების ჩემპიონატისთვის ემზადება, ჩემპიონ „ბაიერნს” კი ჯერ წინა სეზონი არ დაუსრულებია.
8 აგვისტოს ბავარიელებს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ელით „ჩელსისთან”. ლონდონელები მათთან, „ალიანც არენაზე” ჩადიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმრად რეკორდმაისტერს 3:0 აქვს მოგებული, სავარაუდოდ, მეოთხედფინალშიც ის უნდა გავიდეს.
მეოთხედფინალი 14 აგვისტოს ლისაბონშია დანიშნული. „ბაიერნის” მეტოქე „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შორის გამარჯვებული იქნება. მანამდე მიუნხენელებს პორტუგალიის კურორტ ალგარვეში ოთხდღიანი შეკრება აქვთ დაგეგმილი.
თუ „ბაიერნი” ამ ეტაპსაც გაივლის და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ბოლომდე ანუ 23 აგვისტომდე შემორჩება, მაშინ გრაფიკებსა და კალენდრებს არეულობა ემუქრება. გუნდის მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ფეხბურთელებისთვის ორკვირიან შვებულებას ითხოვს, არადა 3 სექტემბერს — ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან 11 დღეში — გერმანიის ნაკრებს ერთა ლიგის თამაში აქვს ესპანეთის წინააღმდეგ. ცხადია, გერმანიის საფეხბურთო კავშირი ამ შეხვედრაში ბავარიელების გარეშე არ აპირებს მოედანზე გასვლას.
ასევე გაუგებარია, რა მოხდება სანაკრებო შეხვედრის შემდეგ. 11 სექტემბერს იწყება გერმანიის თასის გათამაშება, ხოლო 18-21 სექტემბერს უკვე ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩებია. გერმანიის საფეხბურთო ლიგა ახლა იმაზე მსჯელობს, მისცეს თუ არა კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ოთხ კვირას პლუს ერთდღიანი ამოსუნთქვის საშუალება. მოიფიქრებენ, „ბაიერნმა” ზუსტად ოთხი კვირა უნდა დაისვენოს თუ ერთი დღეც დაამატონ. გადაწყვეტილებას 4 აგვისტოს გამოაცხადებენ.
გასაგები რომ იყოს: თუ „ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა და მის ოთხკვირიან დასვენებას ერთ დღესაც დაუმატებენ, მაშინ ის ბუნდესლიგის მომდევნო სეზონში მეორე ტურიდან ანუ 25 სექტემბრიდან ჩაებმება. მაგრამ, თუ დასვენება ზუსტად ოთხკვირიანი იქნება, მაშინ პირველი ტურისთვის გამოყოფილი დღეებიდან ბოლოს (21 სექტემბერს) „მოუსწრებს” და სხვა გუნდებს თავიდანვე შეუერთდება.
ბუნდესლიგის 2020-21 წლების კალენდარი 7 სექტემბერს გამოქვეყნდება.