საკალათბურთო ЦСКА-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში, თორნიკე შენგელიაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას ახსენა, ნაკრებში იმ შემთხვევაში გავუშვებთ, თუკი სანაკრებო მატჩი საკლუბოს არ დაემთხვევაო.
„თორნიკე შენგელიასთან ვისაუბრეთ და სანაკრებო მატჩებზე მის გაშვებაზე თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, არის ერთი პირობაც: ნაკრების მატჩები ზუსტად იმ დღეს არ უნდა ემთხვეოდეს, როდესაც ცსკა ევროლიგაში თამაშობს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი თავად კალათბურთელის გადასაწყვეტი იქნება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით,“– თქვა არმიელთა პრეზიდენტმა.
CSKA pulled off a top transfer. Hayter Shengelia in Georgia can ...
თავისთავად, ამაში არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა. არც ცსკა არის ერთადერთი კლუბი, რომელიც უხალისოდ უშვებს (უფრო სწორად კი ცდილობს, არ გაუშვას) მოთამაშე ეროვნულ გუნდში. FIBA კი, სულაც არ არის ისეთი მოწესრიგებული და მკაცრ იერარქიაზე აგებული ორგანიზაცია, როგორიც მაგალითად, FIFA გახლავთ, რომლის იურისდიქციაც მთელ საფეხბურთო სამყაროზე ვრცელდება.
აქ სხვა რამეზე მოგახსენებთ.
რა ვუყოთ მტკიცებას, შენგელიამ რუსული კლუბისგან მტკიცე დაპირება მიიღო, სანაკრებოდ გამოშვებაზე შეფერხება არ ექნებაო? არც ისე ძველი ნათქვამია, ან ჩვენ დაგვვიწყებოდა და ან მათ, ვინც კონტრაქტის ეს პუნქტი ლამის ეროვნულ დროშად ააფრიალა.
შეგვიძლია თავად თორნიკეს განცხადებაც გავიხსენოთ, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში 10 ივლისს გააკეთა.
ახლა კი ირკვევა, რომ კლუბის დაპირებას თავისი დათქმები ჰქონია, რაც თავის დროზე არ ითქვა. არადა, სწორედ ამ დათქმებსა და დეტალებში, რომლებსაც კონტრაქტებში წვრილი შრიფტით მიაწერენ ხოლმე, იმალება სიმართლე.
ამ წუთას ვერ გეტყვით, როდის დაემთხვევა საქართველოს ნაკრების მატჩი ЦСКА-ს თამაშს, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაემთხვევა.
და მაშინ, ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება განმარტება, რატომ არ არის პარკეტზე საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი… მით უმეტეს, რომ არქივი ყველაფერს ინახავს…