წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ.

ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში 2:0 აჯობა „ლესტერს”. წარმატების სული და გული კი შესანიშნავი ბრუნო ფერნანდეში გახლდათ.

პორტუგალიელმა ანტონი მარსიალს მშვენიერი პასი მიაწოდა, ხოლო როდესაც ფრანგის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა.

დაბრუნდება თუ არა ოლე გუნარ სულშერის გუნდი იმ მარაქაში, სადაც ფანების აზრით უნდა ტრიალებდეს, ახალ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. შირერის აზრით, „იუნაიტედს” აშკარად სჭირდება გაძლიერება. თუკი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის ბრძოლაა, სულშერმა სამი ან ოთხი მოთამაშე უნდა დაიმატოს.

მანჩესტერელთათვის თავდასხმის გაძლიერება იმდენად საშური საქმე არ არის — მარკუს რეშფორდი და ჯეისონ გრინვუდი, სავარაუდოდ, უკეთ და უკეთ ითამაშებენ. აი, დაცვასა და კარში კი პრობლემაა. განსაკუთრებით ძნელი დავიდ დე ხეას ძლიერი მეკარით შეცვლა იქნება, არადა ეს საკითხი სულშერმა უახლოეს კვირებში უნდა მოაგვაროს.

ესპანელი არც „ლესტერთან” ჩანდა საკუთარ თავში დარწმუნებული. იყო ორიოდ ეპიზოდი, როდესაც მან, მოედანზე ყოფნით, მცველებს ნამდვილად ვერ შეუქმნა იმედიანი განწყობა.

„ოლემ მეკარესთან დაკავშირებით დიდი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს და მე ვერ ვხედავ „შეფილდში” იჯარით გაშვებული დინ ჰენდერსონის დაბრუნების აზრს, თუკი მას ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად არ ათამაშებს,” — წერს შირერი და „ჩელსის” მიმოხილვაზე გადადის.

„ჩელსიმ” ბოლო ტურში „ვულვერჰემპტონთან” შესანიშნავ შედეგს მიაღწია (2:0) და ახლა, „არსენალთან”, ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგებაც ხელეწიფება, რაც ფრენკ ლემპარდისთვის მშობლიურ კლუბში საუცხოო სამწვრთნელო დებიუტი იქნება. და ეს ყველაფერი გუნდის გაძლიერების გარეშე. მეტიც, საუკეთესო მოთამაშის ედენ აზარის გაშვების შემდეგ…

შირერის აზრით, ლემპარდი შესანიშნავად მუშაობს ახალგაზრდებთან. აშკარაა დამწყები მოთამაშეების ჭკვიანური როტაცია.

ტამი აბრაჰამს დიდებული სეზონი ჰქონდა და ეფექტური გახლდათ მეისონ მაუნტიც, რომელსაც ზედა ფოტოზე საჯარიმო დარტმით გოლი გააქვს.

მომდევნო სეზონში „ლურჯებს” ტიმო ვერნერი და ჰაკიმ ზიეჰიც დაემატებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი უკვე „ლივერპულის” ქულათა ორ-მესამედზე მეტს დააგროვებს.

„მოკლედ, შემდეგი სეზონი მჭიდრო კონკურენციაში ჩაივლის. მეეჭვება ვინმემ ისევე იბატონოს, როგორც ეს წლეულს „ლივერპულმა” გააკეთა”, — ასკვნის ალან შირერი.